Monday, January 27, 2014

პროექტის შესახებ: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი

ქალბატონო ირმა,  პროექტი „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა. გასაბჭოებიდან მეორე მსოფლიო ომამდე   შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით ხორციელდება.  რითაა თქვენთვის გამორჩეული ეს  ახალი წამოწყება და რა კონკრეტულ მიზანს ისახავთ ამ ძიებასთან დაკავშირებით?

-         ვფიქრობ, ამ პროექტის განხორციელებას ჩვენი კულტურისა და ლიტერატურის  ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა გვავალდებულებს: 1921–1940 წლებში ქართულმა საზოგადოებამ უმძიმესი პოსტ–რევოლუციური პერიოდი გამოიარა და სრულად განიცადა ის ტრაგიკული კატაკლიზმები, ფიზიკური თუ სულიერი სირთულეები, რომლებიც შედეგად მოჰყვა ბოლშევიკური რევოლუციური დიქტატურის დამყარებას; ქართული კულტურული და ლიტერატურული სივრცე არაერთი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, რომელთა დაძლევა სრულიადაც არ იყო მარტივი საქმე და ხშირად დილემური არჩევანის წინაშეც კი აყენებდა მუზის მსახურებს; რა სახის იყო ეს სირთულეები? როგორ დაიძლეოდა ისინი? რამდენად სწორია დღევანდელი ჩვენი საზოგადოების წარმოდგენები იმ ეპოქაზე?.. სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემა, პროცესის შეფასება და გადაფასება, წარმოადგენს პროექტის მთავარ ამოცანას, მხოლოდ დასკვნები უნდა იყოს აკადემიური, ტაქტიანი, კორექტული, იმ ვითარებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც უწევდათ ცხოვრება და მოღვაწეობა „განწირული თაობის“ მწერლებს.

პროექტის შესახებ: პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი მაკა ელბაქიძე




-         ქალბატონო მაკა, თქვენ ხელმძღვანელი ბრძანდებით პროექტისა - „ ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა. გასაბჭოებიდან მეორე მსოფლიო ომამდე“, რომელიც საქართველოს შსს არქივის მონაწილეობით ხორციელდება. როგორ დაიბადა  პროექტის იდეა და რამდენად მნიშვნელოვანია ინსტიტუტისთვის მისი შესრულება?

-          ინსტიტუტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქართული ლიტერატურის ისტორიის თანამედროვე ვერსიის შექმნა. ამ მიზნის განხორციელება კი შეუძლებელია ჩვენი კულტურის ისტორიაში ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი ეპოქისთვის (გასული საუკუნის 20–იანი–40–იანი წლები) ნიშანდობლივი პროცესებისა და ტენდენციების ჯეროვანი ანალიზის გარეშე, იმ დაპირისპირების გათვალისწინების გარეშე, რომელიც  არსებობდა ბოლშევიზმის ტოტალიტარულ რეჟიმსა და მხატვრულ-ლიტერატურულ აზროვნებას შორის. 2009 წელს ინსტიტუტში, მისი დირექტორის, პროფესორ ირმა რატიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი“, რომელიც ამ მწვავე პრობლემისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო ფორუმი იყო არა მარტო პოსტსაბჭოთა, არამედ ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში. კონფერენციას, ისევე როგორც მისი დასრულების შემდგომ გამოქვეყნებულ მასალების კრებულს, ფართო რეზონანსი ჰქონდა როგორც ქართულ, ისე ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებაში (კონფერენციის მასალები ინგლისურ ენაზე გამოსცა კემბრიჯის ერთ–ერთმა პრესტიჟულმა გამომცემლობამ). სწორედ მაშინ დაიბადა ახალი პროექტის იდეა, რომლის წარმატებით განხორციელება იქნება საწინდარი იმისა, რომ ინოვაციურად, ახლებურ რაკურსში წავიკითხოთ და გადავიაზროთ ერთ–ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდი ჩვენი ეროვნული ლიტერატურისა.

პროექტის შესახებ: საქართველოს შსს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი



-      ბატონო ომარ, საქართველოს შსს არქივში მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე  მდიდარი სამკვლევრო გამოცდილება დაგიგროვდათ. როგორც ვიცით, თავადაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი ბრძანდებით.  ცოტა რამ იქნებ ამ უნიკალურ  გამოცდილებაზე გვითხრათ..
უკვე 25 წელზე მეტია უშიშროების სისტემაში ვმოღვაწეობ, აქედან 15 წელი ვმუშაობდი საინფორმაციო-ანალიტიკური მიმართულებით, ხოლო ბოლო 10 წელია არქივის ხელმძღვანელი ვარ. როგორც უშიშროების, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი უმნიშვნელოვანესია თავისი ფონდებითა და დოკუმენტებით, რადგან ეს დოკუმენტები როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ისტორიული მნიშვნელობისაა და, ფაქტობრივად, საქართველოს უახლეს ისტორიას წარმოადგენს. წლების განმავლობაში ეს დოკუმენტები უყურადღებოდ იყო მიტოვებული, რამაც მათი მდგომარეობა მეტისმეტად დაამძიმა: მასალები დაავადდა სხვადასხვა ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებით და საჭირო გახდა მათი სასწრაფოდ დამუშავება. 2003  წლის მაისიდან დავიწყეთ საარქივო ფონდების პროგრამული დამუშავება, საძიებო ფონდების შექმნა. ამჟამად ჩვენს არქივში დაცულია მასალები 1921 წლიდან 1990 წლამდე ანუ საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდგომი პერიოდისა.