Wednesday, October 29, 2014

ქაქუცა ჩოლოყაშვილის საიდუმლო აგენტი


მაია ჯალიაშვილი





საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების ყველაზე შეურიგებელ მოწინააღმდეგედ ქაქუცა ჩოლოყაშვილი დარჩა, რომელმაც გარს შემოიკრიბა თავგანწირული ადამიანები და ცდილობდა ყოველი ხერხით გადაერჩინა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდებში დაცულია მასალა, რომელიც ასახავს, როგორ ცდილობდა ბოლშევიკური რეჟიმი ამ მოძრაობის განადგურებას. ისინი აპატიმრებდნენ, ხვრეტდნენ, აწამებდნენე იმ ადამიანებს, რომელთაც რაიმე კავშირი ჰქონდათ ქაქუცასთან.
გთავაზობთ უცნობ დოკუმენტებს ამ არქივიდან.
საბჭოთა ხელისუფლება მოტყუებით, ძალადობითა და პროპაგანდით ცდილობდა წინააღმდეგობის მოძრაობის მოსპობას. ბოლშევიკური რეჟიმის ინკვიზიტორები ქაქუცასა და მისი რაზმის წინააღმდეგ ავრცელებდნენ სხვადასხვა ტიპის ცილისმწამებლურ პროკლამაციას, მაგალითად ასეთს:
ამხანაგებო, ფშავ-ხევსურეთის მუშებო და გლეხებო!
უკანასკნელ ხანებში თქვენმა მოღალატეებმა, თქვენმა სისხლის მწოვლებმა გაგაბრიყვეს, ნაძირალა შავრაზმელებმა და თქვენ მიდიხართ თქვენი ბედნიერების წინააღმდეგ.
ამხანაგებო გლეხებო, ჩვენ კარგად ვიცით ფშავ-ხევსურეთის პატიოსანი მშრომელი ხალხი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ არ წავა არასოდეს, პირიქით, ხელს შეუწყობთ, რომ იქნას განთავისუფლებული ერთხელ და სამუდამოდ მოღალატე ბურჟუაზიის კლანჭებიდან.