Saturday, November 15, 2014

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 20-იან წლებში

1926 წლის სექტემბრიდან 1928 წლის სექტემბრამდე თედო ღლონტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. მან ამ თანამდებობაზე ივანე ჯავახიშვილი შეცვალა . როგორც ირკვევა, ახალ რექტორს არა თუ უნივერსიტეტი, სამოქალაქო სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებული... ამ ფაქტს გამოეხმაურა ქართული ემიგრანტული გაზეთი „დამოუკიდებელი საქართველო“ შ. ამირეჯიბის წერილით.

შალვა ამირეჯიბი

„რექტორი“ ღლონტი

   ამბობენ, რომ კალიგულამ თავისი ნებიერი ცხენი სენატორად დანიშნა. აქამდისინ ეს საქციელი ადამიანის უგუნურების ნიმუშად ითვლებოდა. მაგრამ დღეს შეიძლება ითქვას, რომ კალიგულა უკანასკნელი არ იყო კაცთა შორის და მისი საქციელი უკანასკნელი ადამიანის საქმეთა შორის. 
    ... ქართული გონების ტახტზედ თედო ღლონტმა მოიკეცა! 
   ... არსებობს ორი საშუალება რექტორად გახდომისა. ერთი ძველია და ის მოითხოვს მეცნიერად ყოფნას, მეორე ახალია და აქ მარტო ბოლშევიკობაც კმარა. რომელია ამათგანში თედო ღლონტი? იქნება იგი პროფესორია? თედო ღლონტი სტუდენტიც არ ყოფილა. მაშ იქნებ ბოლშევიკია?..
   ... ის, რასაც თედო ღლონტი თავის უნივერსიტეტისათვის და თავის სტუდენტებისათვის მოითხოვს, რუსიფიკაცია და ქართული ენის სრული მოსპობა არის. მისი სახით ლაპარაკობს არა თავაშვებული ბოლშევიზმი, არამედ ჩვენი ნაცნობი ძველი რუსეთი... ჩვენ მუდამ ვეუბნებოდით ქართველ ხალხს, რომ საქართველოს გასაბჭოება - საქართველოს გარუსებაა...
   ქართველებო, იფხიზლეთ! 

გაზეთი „დამოუკიდებელი საქართველო“, 1926 წლის ივლისი, პარიზი
(წერილი შემოკლებულია)

Friday, November 14, 2014

სამშობლოს შეწირული კიდევ ერთი უცნობი ჭაბუკი

1929 წლის ივნისში დააპატიმრეს ჩიხლაძე (ჩხეიძე) ლეონ რაჟდენის ძე, 25 წლის, სოც.-დემ. პარტიის მენშევიკების წევრი 1918 წლიდან. იგი 1920 წლიდან 1929 წლამდე იმყოფებოდა ემიგრაციაში, პარიზში. მისი თქმით, ემიგრაციაში მყოფმა მთავრობამ მას ბოლშევიკების ჯაშუშობა დააბრალა და იძულებული გახადა, დაბრუნებულიყო საბჭოთა კავშირში. საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ (ГПУ) იგი ემიგრირებული მთავრობისა და პოლონეთის დაზვერვის ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლა და მიუსაჯა დახვრეტა. ძიების საქმეში აღმოჩნდა ჟურნალი „პრომეთე“ (PROMETHEE) ფრანგულ ენაზე და გაზეთი „დამოუკიდებელი საქართველო“ (1929 წ. მარტი #39), რომელშიც დაბეჭდილია მცირე საპასუხო წერილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ: 

საბჭოთა საქართველოში
   24 იანვრის „კომუნისტი“ ქართული მწერლობის წინააღმდეგ ამხედრებულა. როგორც წინათ ტფილისის ამაოხრებელ ურდოებს სიონის ტაძრის ზარის ხმა შიშის ჟრუანტელს გვრიდა, ისე დღეს მოსკოვის ფინიებს და პამპულა ხალხს ქართული კულტურის არსებობა გულზე ლოდათ დასწოლია. 
   

მეგობარ აბრამს!

შენ, მეგობარო, გიწერ სტრიქონებს,
რომ მშრომელთათვის გახდე მეზარე;
დღეის წამებულთ მშრომელთ გმირთათვის
დაუშრეტელი ცრემლები ღვარე.

დაუმეგობრდი ტანჯულ მხარესა,
სადაც ვარსკვლავნი იბინდებიან,
სადაც მოსილან შავი ძაძებით
დაკარგულ ძმებზე იცრემლებიან.

შენთან მოვდივართ ძმად შეფიცულნი,
და შენ, გმირთ გმირო, ნუღარა სტირი!
შენთან მოვდივართ ორი მერანი,
თან მოგვაქვს ხელით ბრძოლის საყვირი!!!
                                         
                                  მ. ტეხურისპირელი
                     თბილისი, 22/VI. 28 წ.

                         (ფონდი 6, საარქივო 29179, ყუთი 31, თაქთაქიშვილი ა. ი., მიგრიაული ვ. ა.)

ტროცკისტთა საქმე

1928 წლის 12 აპრილს გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიის (ОГПУ) საგანგებო სხდომის დადგენილებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58.10 მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) საქართველოდან რუსეთის სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს 29 პირი, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძის ცოლის, ოლია ოკუჯავას ძმები:
  1. ოკუჯავა მიხეილ სტეფანეს ძე, დაბ. 1883 წ., ქართველი, უმაღლესი განათლებით, სკპ(ბ) წევრი 1903 წლიდან, გადასახლებულია შუა აზიაში 3 წლით, 1929 წლის 14 სექტემბერს დადგენილება შეიცვალა და 1930 წლის 23 ივნისის დადგენილებით მიეცა სსრკ-ში თავისუფალი ცხოვრების უფლება.
  2. ოკუჯავა ნიკოლოზ სტეფანეს ძე, დაბ. 1892 წელს, ქართველი, საშუალო განათლებით, სკპ (ბ) წევრი, გადასახლებულია ციმბირში 3 წლით.
1989 წელს მათ საქმეებს გადახედეს და აღმოჩნდა, რომ სხენებულ პირთა დაკავება და გასამართლება კანონის უხეში დარღვევით მოხდა. დაკითხული არ ყოფილა არც ერთი მოწმე და სასჯელის საფუძვლად მიჩნეულ იქნა მხოლოდ აგენტურული ცნობები, რომ ეს პირები ტროცკისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ. საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 1989 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილებით ყველა მათგანი რეაბილიტირებულია და განჩინება გაუქმებულია.

(ფონდი 6, საარქივო 28526, ტომი 5, ყუთი 79, დუმბაძე ვ. ე.)