Saturday, December 20, 2014

ბრალად ედება სამშობლოს სიყვარული



მაია ჯალიაშვილი
                    

                           
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებიდან

                                                                

„...წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით,
                                                                                     შემოდიოდა სიკვდილი ცელით.. “                      
                                                   კოლაუ ნადირაძე


1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების, ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, დაუმორჩილებელი და ბედსვერშეგუებული ნაწილი უბრალო ქართველი  ხალხისა აგრძელებდა სხვადასხვა სახის წინაღმდეგობას, მართავდა მიტინგებს, ავრცელებდა პროკლამაციებს, კვლავაც დღესასწაულობდა 26 მაისს, რაც მთავრობის მიერ აღიქმებოდა, როგორც ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები. მიუხედავად ხიფათისა, ამ დღესასწაულზე აფრიალებდნენ საქართველოს დროშებსნიშნად დაუმორჩილებლობისა და შავ ბაირაღებს _ ნიშნად გლოვისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდებში ბევრი მასალაა, რომლებშიც წარმოჩენილია, როგორ დევნიდნენ, აპატიმრებდნენ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებებში, ან, უბრალოდ, თანაუგრძნობდნენ. დაკითხულთა შორის იყვნენ ისინიც, რომლებიც არ უშინდებოდნენ შექმნილ ვითარებას და თამამად გამოთქვამდნენ, აზრს, რომ ემხრობოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას.
გთავაზობთ რამდენიმე საქმიდან ამონაწერებს, რომლებიც ცოცხლად წარმოაჩენენ უბრალო ადამიანთა თავგანწირვას საქართველოს უახლეს ისტორიაში.
ამ საქმეებმა ყურადღება მიიქცია იმით, რომ უბრალო ადამიანები დაკითხვაზე თამამად პასუხობენ დამკითხველს და არ ერიდებიან, რომ საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოთქვან კრიტიკული შენიშვნები. მართალია, ამგვარი რამ დაკითხვის ოქმებში შედარებით იშვიათად გვხვდება. ძირითადად, ბრალდებულნი, საბჭოთა ხელისუფლებას საქართველოში მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყანა განვითარების გზას დაადგება.