Wednesday, April 22, 2015

„ხულიგანი“ მოწაფე

1938 წლის 20 დეკემბერი, ქ. ფოთი

საქართველოს უმაღლესი სასამართლოს გამსვლელმა სესიამ განიხილა შოთა ნოეს ძე ჩავლეიშვილის საქმე. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია:

ბრალდებული შოთა ნოეს ძე ჩავლეიშვილი, მოზრდილთა ათწლედის მე-9 კლასის მოსწავლე, 19 წლის. მას ბრალად ედება კონტრრევოლუციური შინაარსის ლექსის გავრცელება. ლექსი თავისი შინაარსით მიმართული იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ხელისუფლება იხსენებოდა ქუჩური, ხულიგნური სიტყვებით. როგორც თვით ბრალდებული განმარტავს, ლექსი მან შეისწავლა 1935 წელში და მას შემდეგ ზეპირად ახსოვდა. 1938 წელს 29 აპრილს ბრალდებული იყო „ბაგოდზერნის“ ფოთის კანტორის აივანზე. მან შეხედა ბელადის სურათს, რომელიც მოჰქონდათ 1 მაისის დღისათვის, შეაგინა უშვერი სიტყვებით, იქვე აივნიდან ამის შემდეგ წარმოსთქვა სხვების თანდასწრებით ზემოხსენებული ლექსი. ბრალდებულმა თავი სცნო დამნაშავედ.

 სასამართლომ დაადგინა: შოთა ნოეს ძე ჩავლეიშვილი ცნობილ იქნას დამნაშავედ სსკ-ის 58.10 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს პატიმრობა 8 წლით 1938 წლის 10 მაისიდან, ჩამოერთვას საარჩევნო ხმის უფლება 3 წლით.
 

(ფონდი #6, საარქივო #38312-07,   ყუთი #48    ჩავლეიშვილი შ. ნ.)

Saturday, April 18, 2015

„დანაშაული“ სამხედრო ნაწილში

1938 წელს საქართველოს გპუ-მ (სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო) დააპატიმრა კისელევი ანდრეი გრიგოლის ძე, მზარეული სამხედრო ნაწილში. 

მას ბრალად ედება შემდეგი: რამდენჯერმე შემჩნეულია სამუშაოს მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში, სამხედრო მოსამსახურეები დატოვა საუზმის გარეშე, 10-11 თებერვლის ღამეს ჯარისკაცებს მისცა აუდუღარი ჩაი, რამაც გამოიწვია საჭმლის მომნელებელი სისტემის მასობრივი მოშლილობა და 214 ადამიანის მოწამვლა.

     სასჯელი: ანდრეი გრიგოლის ძე კისელევი გადასახლებულ იქნას 10 წლით შრომა-              გასწორების კოლონიაში, შემდეგი 5 წლით კი ჩამოერთვას საარჩევნო ხმის უფლება.
                                               
                                                     (ფონდი #6, საარქივო #38257-07, ტომი #2, ყუთი #38)