შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი
ქალბატონო
ირმა, პროექტი „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა.
გასაბჭოებიდან
მეორე მსოფლიო ომამდე“ შოთა რუსთაველის
ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით ხორციელდება. რითაა თქვენთვის გამორჩეული ეს ახალი წამოწყება და რა კონკრეტულ მიზანს ისახავთ
ამ ძიებასთან დაკავშირებით?
-
ვფიქრობ,
ამ პროექტის განხორციელებას ჩვენი კულტურისა და ლიტერატურის ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა გვავალდებულებს:
1921–1940 წლებში ქართულმა საზოგადოებამ უმძიმესი პოსტ–რევოლუციური პერიოდი გამოიარა
და სრულად განიცადა ის ტრაგიკული კატაკლიზმები, ფიზიკური თუ სულიერი სირთულეები, რომლებიც
შედეგად მოჰყვა ბოლშევიკური რევოლუციური დიქტატურის დამყარებას; ქართული კულტურული
და ლიტერატურული სივრცე არაერთი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, რომელთა დაძლევა სრულიადაც
არ იყო მარტივი საქმე და ხშირად დილემური არჩევანის წინაშეც კი აყენებდა მუზის მსახურებს;
რა სახის იყო ეს სირთულეები? როგორ დაიძლეოდა ისინი? რამდენად სწორია დღევანდელი ჩვენი
საზოგადოების წარმოდგენები იმ ეპოქაზე?.. სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე
პასუხის გაცემა, პროცესის შეფასება და გადაფასება, წარმოადგენს პროექტის მთავარ ამოცანას,
მხოლოდ დასკვნები უნდა იყოს აკადემიური, ტაქტიანი, კორექტული, იმ ვითარებისა და კონტექსტის
გათვალისწინებით, რომელშიც უწევდათ ცხოვრება და მოღვაწეობა „განწირული თაობის“ მწერლებს.