Sunday, July 27, 2014

აკროსტიხი

ჩემი სიცოცხლის ყვავილებს
ახარებს შენი ყურება,
გულს მიხალისებს, სულიკო,
ეგრე კეკლუცი ბუნება.
ხარბად ვისწრაფვი შენსაკენ,
უნდა გაკოცო თვალებში,
ტურფა ხარ, მეტად ლამაზი,
ერჩევი ყველა ქალებში.
                                                    გრიშა

    (ფონდი 6, საარქივო 27746, ყუთი 108, შეყლაშვილი შალვა, ბრალდებულია ანტისაბჭოთა საქმიანობაში, რაც გამოხატულია არალეგალურ მენშევიკურ პარტიაში მუშაობით)

Monday, July 7, 2014

ივანე ერასტის ძე შეყრილაძე, 26 წლის, ქართველი, გლეხი, ს. ხრეითი, შორაპნის მაზრა, უცოლო, განათლება შინაური, მენშევიკური პარტიის წევრი 1926 წლიდან. ბრალდება: არალეგალურ მენშევიკურ ორგანიზაციაში მუშაობა და არალეგალური ლიტერატურის გავრცელება. სასჯელი: პატიმრობა 1 წლით. 
საქმეში ბრალდების ნივთმტკიცებად არის ლექსებიც. 


ამონაწერი
რა ვუყოთ მერე, ძამიავ,
ჭირი რომ გიდგას კარსაო,
ამ დროს სჭირია, ვაჟკაცმა
შემოუაროს თავსაო.
გამაგრდი ჭირში, ვითა კლდე,
ნუ ღვრი ცრემლების ღვარსაო,
ტირილი საქმეს ვერ შველის,
ტყვილათ შეირცხვენ თავსაო.
მოდი აქ ჩემთან, მახლობლათ
ამომიჯექი მხარსაო,
ნიჩაბი შენ გაქვს, მე ბარი,
გავიყვანთ სწორსა გზასაო.
არ შეუშინდე გასაჭირს,
გაუძელ განსაცთელსაო,
თუმცა ამ დროშიც ბევრია
სატირალ საჩხივარიო,
მაგრამ ძველ დროსთან ახალი
 არ არის შესადარიო.
ცოტა თუ კიდევ გავძელით,
გამოვა კარგი დარიო,
აყვავდება ბუნება,
იხარებს მთა და ბარიო.
                            Рухадзе  Евгени

(ამავე ფურცელზე წერია: Рухадзе  Евгени Зурабович ევგენი ჩაგრულიშვილი)

(ფონდი 6, საარქივო 27567, ყუთი 82, საქმე - შეყრილაძე ვ. ი.)

Tuesday, June 3, 2014

ქართველ ერს! (მენშევიკური პარტიის პროკლამაცია)


უკვე ექვსმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას დაეპატრონა უხეში ძალა, რომელმაც ვერაგულად მოსტაცა ქართველ ერს თავისი სუვერენული უფლებები და დაადგა მას მონობის მძიმე უღელი. განა შეიძლება ქართველი ერი ოდესმე შეურიგდეს იმ ხელისუფლებას, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველო გადააქცია მოსკოვის უბრალო კოლონიად; რომელმაც შელახა ხალხის ეროვნული თავმოყვარეობა; რომელმაც ფიზიკურად გაანადგურა მშრომელი მოსახლეობა და ერის საუკეთესო შვილების სისხლით მორწყო და გააპოხიერა საქართველოს მონდორ-ველი.
ვინ არ იცის, რომ დღეს ქართველ ერს სდევნიან და აწამებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის უარს არ ამბობს თავის ქართველობაზე, რომ ის მედგრად იცავს ეროვნულ ენას, ეროვნულ კულტურას, ეროვნულ დიდებას, რომ მას არ სურს, მიიღოს კომუნისტური სარწმუნოება და ატაროს მოსკოვის უღელი. ქართველი ერი მოწმეა მრავალი ბრძოლისა და ტანჯვის, მაგრამ ის საშინელი ტანჯვა და ჯოჯოხეთური წამება, რომელსაც დღეს განიცდის საქართველოს მოსახლეობა, არ ახსოვს ისტორიას. საქართველო გადაიქცა ოკუპანტების და ჩეკას თავაშვებულ სათარეშო ასპარეზად. ხალხის ცოცხალ სხეულს კორტნიან ყვავ-ყორნები. შეჩერდა ეროვნული მაჯისცემა. დადუმდნენ მეტყველი ენები. მოკვდა საზოგადოებრივი აზროვნება. მოისპო თავისუფალი პრესა. „მუშურ-გლეხური“ მთავრობა ქართველ მუშებსა და გლეხებს ტყვიებით უმასპინძლდება და ფიზიკურად ანადგურებს; ერის საუკეთესო შვილებს ჩეკას ბნელ სარდაფებში ალპობს; პოლიტიკურ პატიმრებს თავზე რკინის მუხრუჭებს უჭერს და სიცოცხლეს ასალმებს.

Monday, June 2, 2014

2014 წლის 28 მაისს 1 რადიოს ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა „ფოლკლორი აკადემიურ სივრცეში“. გადაცემის თემა იყო „მე-20 საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა ცენზურის გავლენა ქართულ მწერლობასა და ფოლკლორზე“. გადაცემის სტუმარი გახლდათ ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროექტის „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა“ ერთ-ერთი მონაწილე ზოია ცხადაია. ქალბატონმა ზოიამ ისაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივსა და პარტიულ არქივში მოპოვებული მასალების შესახებ. 


გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ლინკზე: http://radio1.ge/media-view/16442

Sunday, March 9, 2014

დაჭრილი მერანი

დაჭრილი მერანი

ჩემი მერანი, დაღალული, ფერ-მილეული,
გულში დაჭრილი გადაეშვა, როგორც მძინარი...
ჩემი მერანი ვერ ინძრევა მტრისგან ძლეული,
გული მიტირის, გული ლაღი, გული მცინარე.

დანაღვლიანდა სიყვარული ტანჯვას ჩვეული
და დაიჩრდილა გული უწინ ხალისიანი,
ტალღებს ვერ აპობს გემი მტკიცე, დღეს დამსხვრეული,
მიწად დაეშვა იმედები გაშლილფრთიანი.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის განკარგულება

1923 წელს დაუპატიმრებიათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთ-ერთი რაზმელი მიხეილ ძებნიაური. მის საქმეში აღმოჩნდა განკარგულება მთიელთა მიმართ. ტექსტი დაწერილია სხვა ხელით, ხემოწერა კი განსხვავებულია, რაც გვავარაუდებინებს იმას, რომ დიდი ალბათობით ეს ქაქუცას ხელმოწერაა.

განკარგულება

პატიოსან სიტყვას ვაძლევ ხევსურებს და ფიცს ვდებ მათ წინაშე, რომ გადატრიალების შემდეგ, როდესაც ჩვენ ეროვნული მთავრობა გვეყოლება, ხევსურები, რომლებიც სამშობლოს გათავისუფლებაში მონაწილეობას მიიღებენ, ყოველგვარი გადასახადებისგან თავისუფალნი იქნებიან, როგორც ეს იყო მეფე ერეკლეს დროს. მიეცემათ ყოველგვარი იარაღი, ამის გარდა მიეცემათ უფასოთ საბალახოები და თავისუფალი სახნავი მიწები.
ხოლო ვინც აჯანყებაში უარს განაცხადებს და არავითარ მონაწილეობას არ მიიღებს, მას არავითარი უპირატესობა არ მიეცემა, დაქვემდებარებული იქნება საერთო სახელმწიფოებრივ კანონებს და საშვილიშვილოთ იარაღის ტარება აღეკრძალება.
                       
                           საქართველოს პარტიზანულ
                                       რაზმების ბელადი           
                                                          
                                                                ქ. ჩოლოყაშვილი

                                                                   
                                                                     31/VII - 22 წ. 
                   (ფონდი 6, საარქივო #23328, ყუთი 57, ძებნიაური მ. მ.)

Monday, January 27, 2014

პროექტის შესახებ: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი

ქალბატონო ირმა,  პროექტი „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა. გასაბჭოებიდან მეორე მსოფლიო ომამდე“   შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით ხორციელდება.  რითაა თქვენთვის გამორჩეული ეს  ახალი წამოწყება და რა კონკრეტულ მიზანს ისახავთ ამ ძიებასთან დაკავშირებით?

-         ვფიქრობ, ამ პროექტის განხორციელებას ჩვენი კულტურისა და ლიტერატურის  ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა გვავალდებულებს: 1921–1940 წლებში ქართულმა საზოგადოებამ უმძიმესი პოსტ–რევოლუციური პერიოდი გამოიარა და სრულად განიცადა ის ტრაგიკული კატაკლიზმები, ფიზიკური თუ სულიერი სირთულეები, რომლებიც შედეგად მოჰყვა ბოლშევიკური რევოლუციური დიქტატურის დამყარებას; ქართული კულტურული და ლიტერატურული სივრცე არაერთი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, რომელთა დაძლევა სრულიადაც არ იყო მარტივი საქმე და ხშირად დილემური არჩევანის წინაშეც კი აყენებდა მუზის მსახურებს; რა სახის იყო ეს სირთულეები? როგორ დაიძლეოდა ისინი? რამდენად სწორია დღევანდელი ჩვენი საზოგადოების წარმოდგენები იმ ეპოქაზე?.. სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემა, პროცესის შეფასება და გადაფასება, წარმოადგენს პროექტის მთავარ ამოცანას, მხოლოდ დასკვნები უნდა იყოს აკადემიური, ტაქტიანი, კორექტული, იმ ვითარებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც უწევდათ ცხოვრება და მოღვაწეობა „განწირული თაობის“ მწერლებს.