Wednesday, October 29, 2014

ქაქუცა ჩოლოყაშვილის საიდუმლო აგენტი


მაია ჯალიაშვილი





საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების ყველაზე შეურიგებელ მოწინააღმდეგედ ქაქუცა ჩოლოყაშვილი დარჩა, რომელმაც გარს შემოიკრიბა თავგანწირული ადამიანები და ცდილობდა ყოველი ხერხით გადაერჩინა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდებში დაცულია მასალა, რომელიც ასახავს, როგორ ცდილობდა ბოლშევიკური რეჟიმი ამ მოძრაობის განადგურებას. ისინი აპატიმრებდნენ, ხვრეტდნენ, აწამებდნენე იმ ადამიანებს, რომელთაც რაიმე კავშირი ჰქონდათ ქაქუცასთან.
გთავაზობთ უცნობ დოკუმენტებს ამ არქივიდან.
საბჭოთა ხელისუფლება მოტყუებით, ძალადობითა და პროპაგანდით ცდილობდა წინააღმდეგობის მოძრაობის მოსპობას. ბოლშევიკური რეჟიმის ინკვიზიტორები ქაქუცასა და მისი რაზმის წინააღმდეგ ავრცელებდნენ სხვადასხვა ტიპის ცილისმწამებლურ პროკლამაციას, მაგალითად ასეთს:
ამხანაგებო, ფშავ-ხევსურეთის მუშებო და გლეხებო!
უკანასკნელ ხანებში თქვენმა მოღალატეებმა, თქვენმა სისხლის მწოვლებმა გაგაბრიყვეს, ნაძირალა შავრაზმელებმა და თქვენ მიდიხართ თქვენი ბედნიერების წინააღმდეგ.
ამხანაგებო გლეხებო, ჩვენ კარგად ვიცით ფშავ-ხევსურეთის პატიოსანი მშრომელი ხალხი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ არ წავა არასოდეს, პირიქით, ხელს შეუწყობთ, რომ იქნას განთავისუფლებული ერთხელ და სამუდამოდ მოღალატე ბურჟუაზიის კლანჭებიდან.

ამხანაგებო, მოტყუებით, პროვოკაციით თქვენ გამოგიყენათ ბრმა იარაღად ნაძირალა შავრაზმელებმა, თავად-აზნაურ ჩოლოყაშვილებმა და ვაჩნაძეებმა, რომლებმაც თქვენ გაგალესინათ დანა თქვენივე გულის გამოსაჭრელად.
მუშათა და გლეხთა დიქტატურა რამდენად ლმობიერია, იმდენად სასტიკიც არის. უკანასკნელად მოგიწოდებთ სასტიკად შეებრძოლოთ თქვენს მოღალატეებს, ჩოლოყაშვილებს, ვაჩნაძეებს და განდევნეთ და გაათავისუფლეთ კონტრრევოლუციონერებისაგან თქვენი მხარე.
გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლების ინტერესებს და ზიზღი თავადაზნაურ ჩოლოყაშვილებს და მათ ამყოლებს.
თიანეთის სამაზრო პარტკომის პასუხისმგებელი მდივანი თალაკვაძე
აგიტაციის განყოფილების გამგე კაკაბაძე“ (შსს არქივი, ყუთი 46, ფონდი 6, საქმე # 22229)
როგორც ცნობილია ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავის რაზმთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აფარებდა თავს, ყველგან ჰყავდა მოკეთენიცა და მტრებიც. ამჯერად ერთ საინტერესო საქმეს წარმოგიდგენთ, რომელიც ასახავს კახეთის მთიანეთში გაშლილი წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ ფრაგმენტს.
ყუთი 6, ფონდი 6
საქმე# 2322, გვ.15
რუსულ ენაზე: . თელავში, 1923 . 18 მაისს, დღისით განიხილეს სოფ. ალვანის მცხოვრებლების, ბაგრატ ცოცანიძის, პანტო ანთაიძის და სხვათა საქმე. გამოვლინდა, რომ ცოცანიძეს საქმე აქვს ჩოლოყაევის ბანდასთან.
თელავის მაზრის რწმუნებული, ამხანაგი კოვლუევი

1923 . 10 მაისს დაკითხეს ბაგრატ ცოცანიძე, ქვემო ალვანი, თელავის მაზრა,
28 წლის, თუში, გლეხი, მიწა-ნახევარი დესიატინა, სახლი _ 1 ოთახი, ცოლშვილიანი, 1 შვილი. განათლება შინაური, სპეციალობა-მღვდელი.
კლასობრივი მდგომარეობა _ მუშა გლეხი (შემდეგში მღვდელი)
კომუნისტურ პარტიაში იყო 1921 , შემდეგ გარიცხეს.

ბაგრატ ცოცანიძის ჩვენება:
„1922 . დაახლოებით აპრილის პირველ რიცხვებში ძველი ეტლით ერთ დილას მე მივედი სახლში გიორგი უშიძესთან (ბრუდთან). შევედი თუ არა, ვნახე 14-15 კაცამდის შეაიარაღებული ხალხი. მე მეგონა მელიციონერები, (რადგანაც ბრუდი იყო წვრი აღმასკომისა), რაღაც საქმისათვის მოსულები. მაშინვე მითხრეს, ხმა, კრინტი არსად ამოგიღია, თორემ ხომ იცი, უსიკვდილოდ არსად გადაგვირჩებიო. სხვათა შორის, გამაცნო ქაქუცა, სოსო ლოსაბერიძე და მიშა ნაცვალოვი და შემდეგ ბრუდმა ამიხსნა, თუ რაშიც იყო საქმე. ესენი, მითხრა მან, არიან მთავრობისგან დევნილი ხალხი, სულ ნასწავლები და მეტწილად აფიცრებია, რომელთაც უნდათ თავი შეაფარონ სადმე, ვიდრე ხალხშიარეულობამოხდება და საქართველოს ისევ ჟორდანიას მთავრობა ჩაიგდებს ხელში. სულ ერთია ამათ (ბოლშევიკებს) მაინც არ დარჩება მმართველობა. ან ინგლისი და ან საფრანგეთი უსათუოდ განდევნიან აქედან ამათა და მაშინ რომ ჩვენაო ხელი არ გავანძრიოთ, სულ იმათ ხელში დავრჩებითო. მანდ რომ ვიყოთ და ჩვენი ქვეყანა ჩვენივე ხელში დარჩებაო (მენშევიკები) და სხვებიც რაღაც ილაპარაკეს და აღარ მახსოვს ზოგიერთის გარდა, მაგალითად, ჩვენაო, სთქვეს იმათ, არავის შევაწუხებთო. ჟორდანია იქიდან გამოგვიგზავნის იარაღს და ტანისამოსს და ვიდრე ამას მივიღებთ კი აქა-იქ სადმე უნდა შევაფაროთ თავებიო. ქიზიყში ვიყავით, იქ ეჭვი აგვართვეს და ეხლა აქეთ წამოვედითო. ბრუდმა მითხრა, შენ ხომ ფრანგული თოფი გაქვს, ამათ მიეცი, ერთს არა აქვსო. მეც გამოვუტანე სახლიდგან და მივეცი. საღამოს ბრუდმა (.უშიძემ) წაიყვანა იქით ფიჩხოვანის ღელეში, ტყეში და იქ ერთ ხეობაში დაბინავდნენო, მითხრა, როცა დაბრუნდა და წერილი მაქვს, თელავში უნდა წავიდეო, კარგად არ მახსოვსსაწარმო კავშირშიუნდა მივიტანოო. თელავიდან იმავ დღეს დაბრუნდა და წავიდა იმათთან. ამ დროს იმათ თურმე დაარტყეს ცეპი ალვანის პარტიულებმა და იქიდან წასულიყვნენ, როგორც შემდეგში ბრუდმა მიამბო. ძლივს გავასწარით და პანკისის გადასახვევამდინ გავაცილე ისინი და ისევ აქ დავბრუნდიო. ამის შემდეგ აღარაფერი ვიცი საით წავიდნენ და საით არა. გაიარა ორმა თვემ, იმათი მე აღარაფერი გამიგია.
ივნისის პირველ რიცხვებში მოვიდა ერთი მაღალ-მაღალი ბიჭი პირხმელი, კითხულობდა ბრუდს. მე უთხარი, რა გინდა? საქმე მაქვს იმასთანაო. ბრუდი ამ დროს იქ არ იყო. მოუცადე და მოვა მეთქი და ჩვენსა დარჩა იმ ღამეს. მეორე დღეს ავად გახდა და სულ იწვა, მესამე დღეს ბრუდიც მოვიდა (არ მახსომს სად იყო წასული) და მივიყვანე ბრუდთან სახლში და გვიამბო, რომ მე ახმეტაში მივდიოდი ქალაქიდან წამოსული ქაქუცას ვეძებდი, ეგებ გავიგო რამეო და ახმეტაში რომ ჩამოვიარე, იქ დამიჭირეს და ეხლა იქიდან გამოქცეული ვარო და შენ გზა უნდა მომცე, რომ თუ ხელში ჩამიგდეს, უეჭველად დამხვრეტენო. ამ დროს ჩოლოყაშვილის პარტია სად იყო, არ იცოდა ბრუდმა და საით გაეგზავნა არ იცოდა. მერე მან თქვა, თუკი ვერ მივაღწევ იქამდე, ქვევით ახალსოფლისკენ გზა მასწავლეთ, მერე მე თვითონ წავალ, მარტო გეზი მინდა გავიგო, რადგანაც ჯერ კახეთში არა ვყოფილვარ, გზა არ ვიციო და იქიდან მე თვითონ წავალ ქვევით ან ახალსოფელში ან და ლაგოდახში. იქ ნათესავები და ნაცნობები ბევრი მყავს, რადგან იქ მე მილიციის უფროსათ ნამყოფი ვარ და იქ თავს შევინახავ, ვიდრე იმათს რასმე გავიგებდეო. იმ კაცის სახელი იყო ლოლაძე ლადო.
მე მითხრა ბრუდმა, რაკი არ ვიცით, ისინი სად არიან, ამიტომ ეს კაცი გააცილე თუ ძმა ხარ ფშავლის ბოლომდე და მერე თვითონ წავაო. მეც გავყევი. დღე იყო, რომ მივიყვანე სოფელ ფშავლის ბოლომდე. იქ ქუდი გადამიცვალა, მითხრა მიცნობენო და წავიდა. ამის შემდეგ მე ცოლშვილით მთაში წავედი მთელი სამი თვის განმავლობაში. იქ ვიყავით და ქაქუცას შესახებ მხოლოდ ყველა იმას ამბობდა, რომ ხევსურეთში მოამწყვდიეს და მოკლეს. სხვა არაფერი გამიგია. ბარში რომ ჩამოვრეკე ჩემი ცოლ-შვილი, ბრუდი კიდევ მთაშივე იყო და მერე ისიც ჩამოვიდა. მე ვკითხე, არაფერი იცი იმათ შესახებ-მეთქი და არაო, არ იცოდა. ამის შემდეგ მე ყური აღარაფერს ვუგდე. მართლაც, მოუკლავთ მეთქი, მეგონა.
ნოემბრის შუა რიცხვებში თანახმად ხალხის თხოვნისა მე ქალაქში წავედი მღვდლად საკურთხებლად და იქ დავრჩი ხუთი კვირა. რომ მაკურთხეს, მოვედი და ბრუდმა მითხრა, ისინი ისევ ცოცხლები ყოფილან და როგორც ამბობენ, ქვევით ქიზიყში არიანო. არ ვიცი, საიდან გაიგო ბრუდმა მათი იქ ყონა. ერთი კვირის შემდეგ კიდეც გაიქცა, რადგანაც ჩემ თბილისში ყოფნის დროს მასთან მისულიყო მათი მეგობარი, ძველი ვიღაც ციხისთავი და სხვა ამათ შესახებ ვიცი ის, რაც პანტო ანთაიძემ სთქვა, თუ ვაჩნაძიანთში ვისთან ჰქონდა მიტანილი ტანისამოსი. ჯანდიერთანა სთქვა და სხვა, რომელიც მე პანტოსთან და ლეონტი სანებლიძესთან ლაპარაკის დროს პადვალში, სადაც მე ვიყავი ჩამწყვდეული, გავიგე ანთაიძისგან, სხვა აღარაფერი ვიცი. შარშან ბრუდი მიდიმოდიოდა ხოლმე და ვისთანაც კავშირი ქონდა, იმან იცის. ჩვენ არ გვეუბნება, რომ თქვენ დაგიჭირონ, ყველაფერს იტყვითო. ის კი ვიცი, რომ იმათ, ბრუდის თქმით, კავშირი ჰქონდათ მატანთან, ენისელთან და ვაჩნაძიანთან, სხვა არ ვიცი“.
-------------
არავინ იცის, რა გზით მიაღწია მთავრობამ, რომ ცოცანიძეს ამგვარი ჩვენება მიეცა, თუ გავითვალისწინებთ გპუ- (სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო, იგივე უშიშროების სამმართველო) მაშინდელ ხერხებს, ძნელი არ არის ამის წარმოდგენა.
--------------------
ამავე საქმეში არის ამგვარი ხელნაწერი თხოვნა:

საქართველოს საგანგებო კომისიას
ტუსაღების: ბაგრატ ცოცანიძისა და პანტო ანთაიძის თხოვნა

სიცოცხლის განმავლობაში, ადამიანის შეცდომა ნებითი თუ უნებური მრავალნაირია, მაგრამ არ იქნება ისეთი კი, როგორი შეცდომაც ჩვენ მოგვივიდა და რომელსაც არც ერთი ღარიბი და მუშაკაცი არ იზამდა. ეს გამოიხატა ჩვენგან, თავზეხელაღებული და როგორც შემდგომში დავრწმუნდით თავისი თავადური ზნედაცემულობით და იმავ წოდების ტრადიციით გატაცებული ჩოლოყაშვილის თავრეტიან მოხეტიალე ბანდის ყაჩაღებთან. ზოგიერთ დროს მელურ კავშირში ჩვენ სრულიად დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩოლოყაშვილი რაღაცას ეძებს და ეს საძებარი არის მისი გაბატონება და მამაპაპური ქეიფი მუშა ხალხის ზურგზედ. ის ეძებს თავისი კნიაზური სულისკვეთების კმაყოფილებას გლეხთა სისხლით ნაგარმეოთხედებით“. მას სურს ააწრიალოს უსამართლოდ მათრახი მშრომელთა წელზედ, და ჩვენ კი ამას ჩვენი რწმენით ვერ შევურიგდებით. ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, ვიგრძნეთ მწვავე, მაგრამ სამართლიანი მუხრუჭი საბჭოთა ხელისუფლებისა. ამ აზრს ჩვენ წინათაც ვატარებდით, მაგრამ საშიში მახვილი სიკვდილმა ბეწვით ჩამოკიდა ჩვენს თავზედ ჩოლოყაშვილმა, თუ გავამხელდით მის მოქმედებას. მაგრამ სიმართლემ თავისი გაიტანა. ჩვენ გამოგვიაშკარავდა ყველაფერი. ჩვენ ორ ცეცხლშუა მოვექეცით, რომლითგან ერთი სწვავს ღიპიანთა და მათ ხელშემწყობთა ლეშს და მეორე მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა ჩამცმელთა ტანჯულ ხალხს და ვინაიდან ჩვენც ამ უკანასკნელთა მოდგმისანი ვართ და რწმენითაც მასთან თანაზიარი, ჩვენ გვინდა და გვირჩევნია ამათთვის ჩაწვა ცეცხლში, ვიდრე მათთავის სამარცხვინოდ თავგადადება და ტანჯვა, რომელთაც სურთ მონობის უღელში შებმა ჩვენისთანა ღატაკთა და მაშვრალთა მასისა, ამიტომ ვსთხოვთ ამ უკანასკნელთა მოდარაჯე საქართველოს საგანგებო კომისიას მიიღოს ეს ჩვენი გულის სიღრმიდან ამონახეთქი თხოვნა და სულგრძელად გვაპატიოს დანაშაული, რისთვისაც ვაძლევთ პატიოსან სიტყვას და ვსდებთ ფიცს ვიმუშავებთ და ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად იარაღით თუ უიარაღოთ ამ ბოროტების აღმოსაფხვრელად, რომელსაც სჩადის ჩოლოყაშვილს ტურული ბანდა და ეს ბანდა რომლის წყალობითაც იტანჯება დღეს ასობით დაჭერილი ხალხი და იწირება სიცოცხლე მასთან ბრძოლის დროს მრავალი საუკეთესო მშრომელთა შვილებისა, მოქმედებს და მის გდებას ველით თქვენგან.
მთხოვნელნი: 1) ბაგრატ ცოცანიძე
2) პანტო ანთაიძე
1923 . მაისის 10 დღეს.
----------------
ამავე საქმესთან დაკავშირებით სევერიან ჩხეტიანის (ჩოლოყაშვილის რაზმელი_ .) ჩვენებიდან ამონაწერი (ნაბეჭდი, რუსულ ენაზე). გვ. 25
სოფ. ალვანში ჩვენ აგენტის სახით გვყავდა მღვდელი ადგილობრივი და მისი დიაკვანი, სახელად პანტო. მათზე ბანდაში ამბობდნენ, რომ გამოგზავნეს თოფი სერგო მაისურაძის ხელით, რომელიც მე გადმომცეს და მითხრეს, მღვდელმა (ბაგრატ ცოცანიძე ჩვენებაში წერს, რომ გადასცა თოფი ჩოლოყაშვილის რაზმელს ბრუდის თხოვნით_ იხ. ზემოთ ჩვენება- ..) გთხოვა, ეს თოფი, შემენახა, სანამ თვითონ მღვდელი მოვიდოდა ბანდაში პირადი შეიარაღებისთვის“.
-------------
დადგენილება (ნაბეჭდი, რუსულ ენაზე)
„1923 . 3 სექტემბერს თელავის მაზრის პოლიტბიუროს რწმუნებულმა . კოვლუევმა განიხილა საქმე #28, ცოცანიძისა და ანთაიძის შესახებ, რომელნიც მხილებულნი არიან ჩოლოყაშვილის ბანდის ხელშეწყობაში. მათ აღიარეს ბანდასთან კავშირი, კერძოდ ის, რომ 1922 , როცა ბანდა ალვანში იყო, ცოცანიძემ სახლში დააბინავა, ამარაგებდა პროდუქტით, გადასცა თოფი ტყვიებით. სახლში ჰყავდა ავადმყოფი ბანდიტი ლოლაძე. მღვდელიც იმიტომ გახდა, რომ თვალი აეხვია. ჩოლოყაშვილს მისი სახით საიმედო აგენტი ჰყავდა. მას უნდა აღესრულებინა პანაშვიდი (ლოცვა) მოკლული სიკო ჩოლოყაშვილისთვის.
დამნაშავე პანტო ანთაიძემ აღიარა, რომ იყო აგენტი ჩოლოყაშვილის ბანდისა, მათთან მიჰქონდა პროდუქტი, ასრულებდა მათ ბრძანებებს. მას შეეძლო ყოველივე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ეცნობებინა,მაგრამ ასე არ მოიქცა.
ზემო თქმულის გათვალისწინებით, დადგინდა: ბაგრატ ცოცანიძეს, (28 . გლეხი, საშინაო განათლებით, უპარტიო, არ ყოფილა ნასამართლევი) დაუდასტურდა დანაშაული_ თანამშრომლობა ჩოლოყაშვილის ბანდასთან).
მასთან დაკავშირებით მიღებულ იქნას უმაღლესი სასჯელი _ დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია.
ანთაიძეს (24 , გლეხი, საშინაო განათლებით, არ იყო ნასამართლევი) მიესაჯოს 5 წლით პატიმრობა“.
ეს დადგენილება გადაეცა სამეულს განსახილველად.

დაბეჭდილია ჟურნალში: „ჩვენი მწერლობა“, #10, 16 მაისი,  2014  






No comments:

Post a Comment