Wednesday, February 18, 2015

„მავნებელი“ პროფესორები

1937 წელს თბილისში დააპატიმრეს სასოფლო-სამეურნეო (მაშინდელი სატყეო-ტექნიკური) ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფი, რომელსაც ბრალად დასდეს კონტრრევოლუციური საქმიანობა: 

ქურდიანი სოლომონ ზაქარიას ძე - დაბადებული 1867 წელს ს. საგარეჯოში, თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, დენდროლოგი, უპარტიო, ნასამართლევი არ არის. 

ძიების შედეგად დადგინდა: „1937 წელს НКВД-მ აღმოაჩინა და ლიკვიდაცია უყო კ/რ „ქართულ ნაციონალურ ცენტრს“, რომელიც მიზნად ისახავდა ინდივიდუალურ ტერორს კომუნისტური პარტიის (ბ) ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ცენტრს კავშირი ჰქონდა მავნებლურ ორგანიზაციასთან, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო სოლომონ ქურდიანი. იგი ეწეოდა ანტისაბჭოთა მუშაობას მეცნიერების დარგში სატყეო რესურსების ხაზით. ამავე დროს, ქურდიანი მავნებლური მიზნით არ ამუშავებდა აქტუალურ თემებს, რომელთაც პრაქტიკული მნიშვნელობა ექნებოდა დღევანდელი დღისათვის. ეს ჯგუფი ეწეოდა სტუდენტთა ნაციონალისტურ აღზრდას, რითაც აყალიბებდნენ მათ შოვინისტურ ელემენტებად. ამით ისინი ამზადებდნენ კადრებს მავნებლური მუშაობისათვის სატყეო მეურნეობის დარგში. ყველაფერ ამისათვის ფართოდ იყენებდნენ სამეცნიერო მეთოდებს და თვით ინსტიტუტსაც, როგორც ერთადერთ სამეცნიერო ავტორიტეტს.“
        
ბრალდება:
1. ქურდიანი ს. ზ. არის კონტრრევოლუციური მავნებლური ორგანიზაციის წევრი;
2.იგი ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას ტყის ექსპლოატაციის, ტყეთმოწყობისა და სატყეო რესურსების დამალვის სფეროში.
      ბრალდება გათვალისწინებულია 58.7, 58.10 და 58.11 მუხლებით. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო.
      
   სამეულის გადაწყვეტილებით 1937 წლის 10 ნოემბერს სოლომონ ზაქარიას ძე ქურდიანს მიესაჯა დახვრეტა.
   1956 წლის აგვისტოში საქმე გადაისინჯა, რის შედეგადაც განაჩენი გაუქმებულია და ქურდიანი სოლომონ ზაქარიას ძე რეაბილიტირებულია.    


(შსს არქივი, ფონდი 6, საარქივო 371058-07, ტომი 3, ყუთი 219, ქურდიანი ს.ზ.)

No comments:

Post a Comment