1929 წლის ივნისში დააპატიმრეს ჩიხლაძე (ჩხეიძე) ლეონ რაჟდენის ძე, 25 წლის, სოც.-დემ. პარტიის მენშევიკების წევრი 1918 წლიდან. იგი 1920 წლიდან 1929 წლამდე იმყოფებოდა ემიგრაციაში, პარიზში. მისი თქმით, ემიგრაციაში მყოფმა მთავრობამ მას ბოლშევიკების ჯაშუშობა დააბრალა და იძულებული გახადა, დაბრუნებულიყო საბჭოთა კავშირში. საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ (ГПУ) იგი ემიგრირებული მთავრობისა და პოლონეთის დაზვერვის ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლა და მიუსაჯა დახვრეტა. ძიების საქმეში აღმოჩნდა ჟურნალი „პრომეთე“ (PROMETHEE) ფრანგულ ენაზე და გაზეთი „დამოუკიდებელი საქართველო“ (1929 წ. მარტი #39), რომელშიც დაბეჭდილია მცირე საპასუხო წერილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ:
საბჭოთა საქართველოში
24 იანვრის „კომუნისტი“ ქართული მწერლობის წინააღმდეგ ამხედრებულა. როგორც წინათ ტფილისის ამაოხრებელ ურდოებს სიონის ტაძრის ზარის ხმა შიშის ჟრუანტელს გვრიდა, ისე დღეს მოსკოვის ფინიებს და პამპულა ხალხს ქართული კულტურის არსებობა გულზე ლოდათ დასწოლია.
...ასეთია დღევანდელი რეჟიმის მიერ შექმნილი სანდო და ლეგალური ადამიანი, რომლის დასრულებული ტიპი „დამპატიჟეს“ ავტორმა თავის „ჯაყოს ხინზებში“ დაგვიხასიათა. და განა მწერალი დამნაშავეა, რომ ბოროტი, ბანჯგვლიანი და მახინჯი სულის პატრონი ჯაყო არსენა ოძელაშვილის როლში არ გვიჩვენა?
ან ყველაფერი ჩვენი უნდა იყოს, ან არაფერი არ იყოს: ან აბსოლუტური თავისუფლება უნდა არსებობდეს, ან ყაზარმის ობსოლიუტური რეჟიმი; მესამე გამორიცხულია. ამ სიბრძნით აღჭურვილმა კომპარტიამ მწერლობას შეუტია და სურს იქ უდაბნოს სიჩუმე დაამყაროს.
მაგრამ უდაბნოში ოაზისებია და იქ სიცოცხლის წყარო მარადი ხალისით სჩქეფს.
ია.
(ფონდი 6, საარქივო 29516, ტომი 2, ყუთი 77, ჩიხლაძე (ჩხეიძე) ლ. რ.)
No comments:
Post a Comment