1926 წლის სექტემბრიდან 1928 წლის სექტემბრამდე თედო ღლონტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. მან ამ თანამდებობაზე ივანე ჯავახიშვილი შეცვალა . როგორც ირკვევა, ახალ რექტორს არა თუ უნივერსიტეტი, სამოქალაქო სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებული... ამ ფაქტს გამოეხმაურა ქართული ემიგრანტული გაზეთი „დამოუკიდებელი საქართველო“ შ. ამირეჯიბის წერილით.
შალვა ამირეჯიბი
„რექტორი“ ღლონტი
ამბობენ, რომ კალიგულამ თავისი ნებიერი ცხენი სენატორად დანიშნა. აქამდისინ ეს საქციელი ადამიანის უგუნურების ნიმუშად ითვლებოდა. მაგრამ დღეს შეიძლება ითქვას, რომ კალიგულა უკანასკნელი არ იყო კაცთა შორის და მისი საქციელი უკანასკნელი ადამიანის საქმეთა შორის.
... ქართული გონების ტახტზედ თედო ღლონტმა მოიკეცა!
... არსებობს ორი საშუალება რექტორად გახდომისა. ერთი ძველია და ის მოითხოვს მეცნიერად ყოფნას, მეორე ახალია და აქ მარტო ბოლშევიკობაც კმარა. რომელია ამათგანში თედო ღლონტი? იქნება იგი პროფესორია? თედო ღლონტი სტუდენტიც არ ყოფილა. მაშ იქნებ ბოლშევიკია?..
... ის, რასაც თედო ღლონტი თავის უნივერსიტეტისათვის და თავის სტუდენტებისათვის მოითხოვს, რუსიფიკაცია და ქართული ენის სრული მოსპობა არის. მისი სახით ლაპარაკობს არა თავაშვებული ბოლშევიზმი, არამედ ჩვენი ნაცნობი ძველი რუსეთი... ჩვენ მუდამ ვეუბნებოდით ქართველ ხალხს, რომ საქართველოს გასაბჭოება - საქართველოს გარუსებაა...
ქართველებო, იფხიზლეთ!
გაზეთი „დამოუკიდებელი საქართველო“, 1926 წლის ივლისი, პარიზი
(წერილი შემოკლებულია)
No comments:
Post a Comment