Saturday, December 20, 2014

ბრალად ედება სამშობლოს სიყვარული



მაია ჯალიაშვილი
                    

                           
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებიდან

                                                                

„...წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით,
                                                                                     შემოდიოდა სიკვდილი ცელით.. “                      
                                                   კოლაუ ნადირაძე


1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების, ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, დაუმორჩილებელი და ბედსვერშეგუებული ნაწილი უბრალო ქართველი  ხალხისა აგრძელებდა სხვადასხვა სახის წინაღმდეგობას, მართავდა მიტინგებს, ავრცელებდა პროკლამაციებს, კვლავაც დღესასწაულობდა 26 მაისს, რაც მთავრობის მიერ აღიქმებოდა, როგორც ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები. მიუხედავად ხიფათისა, ამ დღესასწაულზე აფრიალებდნენ საქართველოს დროშებს – ნიშნად დაუმორჩილებლობისა და შავ ბაირაღებს _ ნიშნად გლოვისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდებში ბევრი მასალაა, რომლებშიც წარმოჩენილია, როგორ დევნიდნენ, აპატიმრებდნენ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებებში, ან, უბრალოდ, თანაუგრძნობდნენ. დაკითხულთა შორის იყვნენ ისინიც, რომლებიც არ უშინდებოდნენ შექმნილ ვითარებას და თამამად გამოთქვამდნენ, აზრს, რომ ემხრობოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას.
გთავაზობთ რამდენიმე საქმიდან ამონაწერებს, რომლებიც ცოცხლად წარმოაჩენენ უბრალო ადამიანთა თავგანწირვას საქართველოს უახლეს ისტორიაში.
ამ საქმეებმა ყურადღება მიიქცია იმით, რომ უბრალო ადამიანები დაკითხვაზე თამამად პასუხობენ დამკითხველს და არ ერიდებიან, რომ საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოთქვან კრიტიკული შენიშვნები. მართალია, ამგვარი რამ დაკითხვის ოქმებში შედარებით იშვიათად გვხვდება. ძირითადად, ბრალდებულნი, საბჭოთა ხელისუფლებას საქართველოში მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყანა განვითარების გზას დაადგება.

Thursday, December 11, 2014

ორი მწყემსის ტრაგიკული ისტორია

    1936 წელს აფხაზეთის მთიანეთში დააპატიმრეს ორი მწყემსი: იპა დამის ძე დბარი (დაბ. 1908 წელს, აფხაზი, ს. კალდახვარი, გლეხი, პროფ. მწყემსი, უპარტიო, 1934 წელს გასამართლებულია საქონლის ქურდობისთვის) და მისი თანაშემწე მწყემსი ვლადიმერ ნიკოლოზის ძე პულიკი (დაბ. 1910 წელს, ეროვნებით პოლონელი, უპარტიო) შემდეგი ბრალდებით:
     იპა დბარს ჰყავს 3 ნაგაზი. ერთ ძაღლს სახელად ეძახის საბჭოთა მთავრობის ერთ-ერთი წევრისა და კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ხელმძღვანელის სახელს, მეორეს კი - აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის სახელს. იპა დბარი ასევე ყოვლად ამაზრზენი ფორმით გამოხატავს თავის კონტრრევოლუციურ დამოკიდებულებას ხალხისა და კომპარტიის ბელადის მისამართით. იგი ასევე ბრალდებულია იარაღის შენახვასა და მთავრობისადმი დაუმორჩილებლობაში, რადგან უარი განაცხადა იარაღის ჩაბარებაზე და თქვა, რომ არ ცნობს საბჭოთა ხელისუფლებას. პასუხისგებაში მიცემული მისი თანაშემწე ვლადიმერ პულიკი ასევე სისტემატიურად, გარეშე პირების თანდასწრებით ეძახის ამ ძაღლებს ხელისუფლების ხელმძღვანელთა სახელებს ასეთივე ამაზრზენი, კონტრრევოლუციური ფორმით. ბრალდებულები გასამართლებულნი არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58.10 მუხლით (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას).
     ბრალდებულებს მიესაჯათ:
1.      იპა დამის ძე დბარს მიესაჯოს 5 წლით საკონცენტრაციო ბანაკში გადასახლება, ხოლო 3 წლით ჩამოერთვას პოლიტიკური უფლებები.
2.   ვლადიმერ ნიკოლოზის ძე პულიკს  მიესაჯოს 3 წლით საკონცენტრაციო ბანაკში გადასახლება, ხოლო 2 წლით ჩამოერთვას პოლიტიკური უფლებები.

(ფონდი 6, საარქივო #3648-07, ტომი 3, ყუთი 11, საქმე დბარი  ი. დ.)