მაია ჯალიაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებიდან
„...წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით,
შემოდიოდა სიკვდილი ცელით.. “
კოლაუ ნადირაძე
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების, ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, დაუმორჩილებელი და ბედსვერშეგუებული ნაწილი უბრალო ქართველი ხალხისა აგრძელებდა სხვადასხვა სახის წინაღმდეგობას, მართავდა მიტინგებს, ავრცელებდა პროკლამაციებს, კვლავაც დღესასწაულობდა 26 მაისს, რაც მთავრობის მიერ აღიქმებოდა, როგორც ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები. მიუხედავად ხიფათისა, ამ დღესასწაულზე აფრიალებდნენ საქართველოს დროშებს – ნიშნად დაუმორჩილებლობისა და შავ ბაირაღებს _ ნიშნად გლოვისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდებში ბევრი მასალაა, რომლებშიც წარმოჩენილია, როგორ დევნიდნენ, აპატიმრებდნენ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებებში, ან, უბრალოდ, თანაუგრძნობდნენ. დაკითხულთა შორის იყვნენ ისინიც, რომლებიც არ უშინდებოდნენ შექმნილ ვითარებას და თამამად გამოთქვამდნენ, აზრს, რომ ემხრობოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას.
გთავაზობთ რამდენიმე საქმიდან ამონაწერებს, რომლებიც ცოცხლად წარმოაჩენენ უბრალო ადამიანთა თავგანწირვას საქართველოს უახლეს ისტორიაში.
ამ საქმეებმა ყურადღება მიიქცია იმით, რომ უბრალო ადამიანები დაკითხვაზე თამამად პასუხობენ დამკითხველს და არ ერიდებიან, რომ საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოთქვან კრიტიკული შენიშვნები. მართალია, ამგვარი რამ დაკითხვის ოქმებში შედარებით იშვიათად გვხვდება. ძირითადად, ბრალდებულნი, საბჭოთა ხელისუფლებას საქართველოში მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყანა განვითარების გზას დაადგება.
ეს მოწმობს შიშისა და ძალადობის იმ ატმოსფეროს, რომელიც გამეფებული იყო საბჭოთა საქართველოში. ახალი ხელისუფლება მოწინააღმდეგებს სასტიკად დევნიდა და სჯიდა, სულ მცირე დანაშაული, მაგალითად, ვინმეს დასმენა, რომ მავანმა სადღაც კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა ახალ ხელისუფლებაზე, საკმარისი იყო დაპატიმრებისა და სასტიკი წამებისთვის, რათა არარსებული დანაშაული ეღიარებინა ბრალდებულს. ქვეყანაში გამეფებულ საშინელ უნდობლობას, როცა ადამიანები ვეღარ ბედავდნენ თავიანთი აზრის გამოთქმას, ამხელს გრიგოლ რობაქიძე რომანში „ჩაკლული სული“, რომელიც გერმანიაში გერმანულ ენაზე გამოსცა 1932 წელს.
დღეს ბევრი რამ იწერება ბოლშევიკური რეჟიმის სისატიკეზე. წარმოდგენილი მასალებიც კიდევ ერთხელ გაგვახსენებენ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ეროვნული ღირსების დაცვას.
* * *
ფონდი 6, საქმე #22140, ტ.2, ყუთი 28
1922 წ. 3 ივლისის დაკითხვის ოქმი
ბრალდებულის ანკეტიდან: ნიკიფორე იმნაიშვილი, 34 წლის, სასულიერო წოდება, პედაგოგი-ჟურნალისტი, უმაღლესი განათლება, სპეციალობა _ საბუნებისმეტყველო. გერმანიაში მუშაობდა 1907-1912 წლებში, შემდეგ _ მასწავლებლად ხაშურის გიმნაზიაში. სოციალ-დემოკრატი 1904 წლიდან.
დაკითხვის ოქმიდან (სტილი დაცულია):
კითხვა: როდის შეგიპყრეს?
პასუხი: 23 მაისს, 1922 წ.
კითხვა: წამოგიყენეს რამე ბრალდება?
პასუხი: არავითარი.
კითხვა: როგორ მიგაჩნიათ 26 მაისის გამოსვლები?
პასუხი: თუკი ის იყო მშვიდობიანი ხასიათის, როგორც დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობისა, ვუყურებ დადებითად. თუკი მას ჰქონდა ექსცესების ხასიათი, ვუყურებ უარყოფითად.
კითხვა: რა მონაწილეობა მიგიძღვით თქვენ ეროვნული დღესასწაულის გარშემო მომხდარ გამოსვლებში, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ 23 მაისს?
პასუხი: პირადად მე სრულებით არავითარი.
კითხვა: როგორ უყურებთ საბჭოთა ხელისუფლებას?
პასუხი: პირადად მე ვუყურებ ისე, როგორც ამას უყურებს ს.დ.მ. პარტია, რომელმაც გასულ წელს ლეგალურად გამოსცა თავისი პლატფორმა, სადაც, სხვათა შორის, აღნიშნულია პარტიის დამოკიდებულება საბჭოთა სისტემისადმი.
კითხვა: აწარმოებდით თუ არა თქვენ არალეგალურად საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობას დღიდან თქვენი პატიის ლეგალური ასპარეზიდან წასვლისა?
პასუხი: არა.
კითხვა: საერთოდ, მუშაობს თუ არა თქვენი პარტია არალეგალურად დღეს საქართველოში?
პასუხი: პირადად მე მგონია, რომ იგი აქტიურ არალეგალურ მუშაობას არ ეწევა. მე ავადმყოფობის გამო მოკლებული ვარ საშუალებას მონაწილეობა მივიღო პარტიულ ცხოვრებაში.
კითხვა: როგორი შეხედულების ხართ იმ გაერთიანებულ ბლოკზე, რომლებიც ყველა ერთად საბჭოთა ხელისუფლებას ებრძვიან?
პასუხი: მე პირადად მომხრე ვარ ყველა სოციალისტური ძალის გაერთიანების საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხში. რამდენად ისინი ყველა ერთად იცავენ დამოუკიდებლობას როგორც შინაურ, ისე გარეშე იმპერიალისტურ ძალებისგან.
კითხვა: რით, რა გზით აპირებს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია ხელისუფლების დაპყრობას?
პასუხი: საქართველოს დამოუკიდებლობა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიისთვის, რამდენადაც მე მას თანავუგრძნობ, ეს არ არის საკითხი ხელისუფლების დაპყრობის იმდენად, რამდენადაც საქართველოში ყვლა სოციალისტური პარტია საქართველოს დამოუკიდებლობის ნიადაგზე დგას. ეს არის საკითხი ამ დამოუკიდებლობის გამაგრების, შეთანხმების გზით, რომელიც უარყოფს ყველანაირ ექცესის სახის გამოსვლას და სხვ.
კითხვა: როგორ უყურებთ საქართველოში რუსის წითელი არმიის ყოფნას?
პასუხი: როგორც სოციალისტს და საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეს, მე აუცილებლად საჭიროდ მიმაჩნია საქართველოს ჰყავდეს თავისი ნაციონალური ჯარი, მოკლებული ყოველგვარ ავანტიურას და თავგანწირული მშრომელი ხალხის ინტერესებისათვის. რუსეთის ჯარის ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე არ ვამართლებ.
* * *
ამ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო დადგენილება: 1922 წლის 5 ივლისი
იმნაიშვილი ნიკიფორეს, აქტიურ და გამოჩენილი მენშევიკის, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს თავის პარტიულ ამხანაგებში, პირადი დაკითხვისას გამოვლინდა მისი მავნებლობა ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში.
დადგენილება: დაპატიმრებულ და იზოლირებულ იქნას უვადოდ (ვადის დანიშვნის გარეშე). საქმე შეწყდეს და გადაეცეს არქივს.
* * *
ამ საქმეში არის საქართველოს საგანგებო კომისიის სახელზე, ხელით დაწერილი ნიკიფორე იმნაიშვილის დედის, ლანჩხუთელი ბაბილინა იმნაიშვილის თხოვნა, რომელშიც ვკითხულობთ:
ჩემი შვილი, ტუბერკულიოზით ავადმყოფი გადაიყვანეს არამიანცის საავადმყოფოში, მაგრამ გაქცევის მცდელობაში დაადანაშაულეს და გადაიყვანეს პირველ ციხეში (ქალაქისა). მიეცით საშუალება მკურნალობისა.
დედობრივი ცრემლებით გევედრებით, მისცეთ საშუალება, გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, გადაიყვანეთ საავადმყოფოში. ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემი ქონების კონფისკაციით და ჩემი დაპატიმრებით, თუკი გაიქცევა.
5 ოქტომბერი, 1922 წ.
1922 წლის 5 ნოემბერს ნიკოფორე იმნაიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
* * *
ფონდი 6, საქმე# 22135, ყუთი 27
საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის პრეზიდიუმის 1922 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება:
პატიმრობა მიესაჯოს:
ნიკოლოზ ნაკაშიძეს _ ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის წევრი _ 6 თვის ვადით
დავით კანდელაკს _ ქ. ქუთაისის ტექნიკუმის სტუდენტი, უპარტიო _ 3 თვით პატიმრობა.
ქეთო იამანიძეს _ ქუთაისის #2 ტექნიკუმის სტუდენტი, უპარტიო _ ერთი თვით.
მსჯავრი დაედოთ მასში, რომ 1922 წ. 26 მაისს ქ. ქუთაისში ჩაიდინეს კონტრრევოლუციური მოქმედება, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიტიგზე და ააფრიალეს საქართველოს ნაციონალური დროშა.
----------------
შენიშვნა: ქეთო იამანიძე იმიტომ დაუპატიმრებიათ, რომ ნაკაშიძისთვის უთხოვია, მიტინგზე სიტყვა მათქმევინეო (ნაკაშიძის დაკითვის ოქმშია ეს ჩვენება).
------------
ფონდი 6, საქმე # 22224, ტომი 2, ყუთი 44
ჩხეიძე დ.ა. და სხვ.
ქუთაისი
დავით ჩხეიძის (ალექსანდრეს ძე) დაკითხვის ოქმი _
1922 წლის 20 ივნისი
დავით ჩხეიძე სხვებთან ერთად დაადანაშაულეს კონტრრევოლუციაში
დავით ჩხეიძე, 21 წლის, მასწავლებელი, სოციალ-ფედერალისტი. დავით ჩხეიძეს ანკეტაში უწერია: კერძო მესაკუთრე, განათლება _ საშუალო, სპეციალობა _ გერმანული ენა და გეოგრაფია
1922 წელს, 26 მაისს ჩატარებულ მიტინგთან დაკავშირებით
დავით ჩხეიძის ჩვენება: „20 მაისიდან 24 მაისამდე მე ვიყავი სამსახურში, სასწავლებელ ამაღლებაში. 20 მაისს მივიღეთ განკარგულება, რომ დაგვეთხოვა მოწაფეები, მაგრამ ვინაიდან გამოცდები დაწყებული არ გვქონდა, 20 მაისიდან 23 მაისამდე გვქონდა მოწაფეების გამოცდები. 23 მაისს დავითხოვეთ მოწაფეები. 24 მაისს მთელი დღე ვიყავით სასწავლებელში და ვწერდით სხვადასხვა ოქმს. ჩვენთან 24-ში ხშირად შემოდიოდა თვით აღმასკომის თავმჯდომარე.
25 მაისს, როგორც უქმე დღეს, ვიყავი ბზვანის ეკლესიაში, სადაც წირვის დაწყებამდე შეიქმნა ლაპარაკი ხალხში, რომ ქუთაისსა და სამტრედიაში არის გამოსვლები და გაფიცვები მთავრობის წინააღმდეგ. წირვა რომ გათავდა, მერმეთ უფრო ხასიათი მიიღო ამ მითქმა-მოთქმამ გაფიცვის ირგვლივ. მე მივედი ჯგუფთან და განვუმარტე, რომ ასეთი გამოსვლები თუ იყო, ეს იქნებოდა ეკონომიურ ნიადაგზედ და არა პოლიტიკურზედ და მოუწოდე მათ, რომ დამშვიდებულიყვნენ და ასეთი ლაპარაკი არ დაეწყოთ. მე რომ აქ ვლაპარაკობდი, ამას დაამტკიცებს ბზვანის მცხოვრები 1)ვანო კორძაძე, 2) მღვდელი გიორგი ტყეშელაშვილი, 3)ლუკა ტყეშელაშვილი, 4)ივლიანე ხელაძე, 4)მალხაზ ტყეშელაშვილი.
რაც შეეხება ამაღლების თემში შავი ბაირაღის გამოტანას, ამის შესახებ არაფერი ვიცი.
* * *
დავით ჩხეიძე 6 თვით დააპატიმრეს ბზვანის ეკლესიის ეზოში გამოსვლისთვის.
მასთან ერთად სხვა მასწავლებლებიც დააპატიმრეს
შალვა ტყეშელაშვილი
სარდიონ ძიგრაშვილი-მასწავლებელი (ქართულისა და რუსულისა)
კალისტრატე ტყეშელაშვილი-გლეხი
გედეონ ძიგრაშვილი- მასწავლებელი, ქართულისა და რუსულისა
-------------------------------------
ფონდი 6, საქმე# 22338, ტომი 3, ყუთი 69
1922 წ. 27 თებერვალი
ბრალდებული ელენე იოსელიანი, იასონის ასული, 16 წლის, ქართველი, აზნაურთა წრიდან, მოწაფე სამასწავლებლო სემინარიისა, ჭავჭავაძის ქ, 23
ჩვენება დაკითხვის ოქმიდან: „ჩვენ, მოსწავლეებს, გვინდოდა ძმათა სასაფლაოზე წასვლა, რადგან არ გაგვიშვეს, წავედით უნივერსიტეტში და იქ გვქონდა კრება.
კითხვა: კრებაზე რას ლაპარაკობდით?
პასუხი: პანაშვიდი უნდა გადაგვეხადა.
კითხვა: დიდებას მღეროდით?
პასუხი: ვმღეროდით.
კითხვა: ვინ იყო ხელმძღვანელი დემონსტრაციის და ძმათა სასაფლაოზე წასვლის ინიციატივის?
პასუხი: არ ვიცი. რომ ვიცოდე, მაინც არ გეტყვით.
* * *
დარია ვალერიანის ასული გუნია, 16 წლის, აზნაურთა წრიდან, მე-10 ტექნიკუმი.
იმავე საქმეზეა დაკითხვის ოქმიდან:
კითხვა: სად დაგიჭირეს თქვენ?
პასუხი: ქუჩაში. მე უნივერსიტეტში ვიყავი ჯერ. მერმეთ დამიჭირეს. გულზე ეროვნული პატარა ნიშანი მქონდა, იმიტომ დამიჭირეს.
კითხვა: უნივერსიტეტში რატომ წახვედით?
პასუხი: ჩვენ გვინდოდა ძმათა სასაფლაოზე წასვლა. წავედით უნივერსიტეტში, სადაც ყველა მოსწავლე თავმოყრილი იყო.
კითხვა: ვინ იყო ინიციატორი კრების?
პასუხი: არაფერი არ ვიცი.
* * *
ფონდი 6, საქმე 23285
გიორგი მჟავანაძის საქმე (23 წლის); მენშევიკი (მენშევიკურ პარტიაში მუშაობდა 1907-1913 წლამდე), მძღოლი.
დაადანაშაულეს ანტისაბჭოთა აგიტაციაში. 1921 წელს დააპატიმრეს, როგორც მენშევიკური პარტიის წევრი.
ბრალდება: მეტეხის ციხიდან გიორგი ძნელაძესა და ლუკა მჟავანაძესთან ერთად გამოგზავნა გადასახლებული მენშევიკების წერილი, რომელშიც ეწერა: „თუმცაღა ჩვენ გვასახლებენ ჯალათი კომუნისტები, მაგრამ არ შეშინდეთ, იბრძოლეთ მედგრად და ძალაუფლებას იმ ჯალათებს სულ მალე გამოვგლეჯთ, რის შემდეგ მთელ წითელ არმიას და მათ სულისჩამდგმელ კომუნისტებს სულ ერთიანად ამოვწყვეტთ“.
* * *
დაკითხვის ოქმში გიორგი მჟავანაძემ აღნიშნა: „ეხლანდელ ხელისუფლებას აღმშენებლობით დარგში ვუყურებ, როგორც პროგრესულს და მეც თანავუგრძნობ მას, მხოლოდ პოლიტიკურ დარგში, როგორც რეგრესიულ ნაბიჯს, ვინაიდან არ არის სიტყვისა და პრესის თავისუფლება და ამ დარგში არ თანავუგრძნობ საბჭოთა ხელისუფლებას. საქართველოს დამოუკიდებლობა მწამს. ისეთი დამოუკიდებლობა, როგორიც ჰქონდათ მენშევიკებს. ეხლა კი, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ შელახა ერის ინტერესები, ასეთი დამოუკიდებლობა არ მწამს.
საქართველოს გასაბჭოების ფაქტს ვაღიარებ არა რევოლუციონურ ფაქტად. საქართველო დაიპყრო რუსეთ-აზერბაიჯანის დამპყრობელმა ძალამ, რომელმაც შელახა ერის ინტერესები. მე ვეცდები წმინდა პოლიტიკური ბრძოლით აღვადგინო ერის შელახული ინტერესები და რაც შეეხება იარაღით ბრძოლას, მე მას ვგმობ და არ მწამს“.
* * *
ფონდი 6, #24393, ყუთი 52
პატარაია პავლეს საქმეში დევს ხელნაწერი პროკლამაცია:
(პატარაია პავლე: 17 წლის, სოციალ-ფედერალისტი. ანტისაბჭოთა საქმიანობაში ბრალდებული. მისი საქმე გადაეცა ჩკ-ს).
ძვირფასო ამხანაგებო!
რთულ მომენტზე, რომელშიდაც გვიხდება ცხოვრება, ლაპარაკი ზედმეტად მიგვაჩნია. სამი წელიწადი უკვე სრულდება, მას შემდეგ, რაც წითელი მაჯლაჯუნა აწევს ქართველ ხალხს. დღეს „ქართველად“ თავის გამოცხადება ბოროტმოქმედებაა. ვინც ამას გაბედავს, მას მოელის ჩკ-ს ჯურღმულები, ციხე-ციმბირი.
აბა, გადახედეთ რამდენი ქართველი მამულიშვილი ქართველობისთვის იქმნა წამებული, რამდენი გადასახლებული ცივ ქვეყნებში იტანჯება ჩკ-ს სარდაფებში. ამას ბოლო არ უჩანს, ბოლო რუსეთის იმპერიალიზმს.
* * *
ფონდი 5, #24437, ყუთი 56
ჯალაღონია ფ.ნ და სხვ. სოფ. ჩუნეში (ნაბეჭდი, ქართ. ენაზე)
1924 წელს, აპრილის 30, ქ. ქუთაისი
ქუთაისის მაზრის პ/ბ.პ/პ რწმუნებულის თანამშრომელმა შონიამ განვიხილე რა საქმე #530 ბრალდების გამო ჩუნეშის „წმინდა გიორგის“ ეკლესიის კარის გაღების და კლუბად გადამკეთებელ მუშების შეჩერების ცდაში:
1. ლორთქიფანიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე, 63 წლის, ყოფილი აზნაური, წერა-კითხვის მცოდნე, უპარტიო, ცოლშვილიანი, პასუხისგებაში არ ყოფილა, მცხოვრები ჩუნეში, ქუთაისი მაზრა.
2. წულუკიძე ალექსი რამინის ძე, 75 წლის, ყოფილი თავადი,წერა-კითხვის მცოდნე, უპარტიო, ცოლშვილიანი, პასუხისგებაში არ ყოფილა, მცხოვრები ჩუნეში, ქუთაისი მაზრა.
3. თვალთვაძე დავითი ივანეს ძე, 31 წლის, ყოფილი აზნაური, საშ. განათლების, უპარტიო, უცოლო. ადმინისტრაციულ დაპატიმრებაში პ/ბ მიერ სკოლოს შესახებ 18 დღით. მცხოვრები ჩუნეში, ქუთაისი მაზრა.
4. თვალთვაძე ანეტა ივანეს ასული, 32 წლის, ყოფილი აზნაური, წერა-კითხვის მცოდნე, უპარტიო, უქმრო, პასუხისგებაში არ ყოფილა, მცხოვრები ჩუნეში, ქუთაისი მაზრა.
5. ჯალაღანია ფილიპე ნიკოლოზის ძე, 55 წლსი, გლეხი წერა-კითხვსი მცოდნე, ცოლშვილიანი, პასუხისგებაში არ ყოფილა, მცხოვრები ჩუნეში, ქუთაისი მაზრა.
6. ჯალაღანია ბათლომე, სიმონის ძე, 38 წლის, გლეხი,წერა-კითხვის მცოდნე, უპარტიო, პასუხისგებაში არ ყოფილა, მცხოვრები ჩუნეში, ქუთაისი მაზრა.
7. ლორთქიფანიძე გულო ლუარსაბის ასული, 39 წლის, ქმარშვილიანი,წერა-კითხვის მცოდნე, უპარტიო, პასუხისგებაში არ ყოფილა, მცხოვრები ჩუნეში, ქუთაისი მაზრა.
ესენი მივიდნენ ჩუნეშის წმინდა გიორგის ეკლესიასთან, რათა შეეჩერებინათ ეკლესიის კლუბად გადამკეთებელი მუშები. მათი დანაშაული გათვალისწინებულია კვლევა-ძიებით და წინასწარი გამოძიებით გამოირკვა, რომ ამ სოფლის მცხოვრებმა, ფილომინა ლორთქიფანიძისამ, პელაგია, ზინობია და მარიამ თვალთვაძეებმა თავი მოიყარეს წყაროსთან, მოილაპარაკეს, ეცნობებინათ ქალებისთვის., აქ მოსულიყვნენ, შეეჩერებინათ მუშები, არ დაერღვიათ ეკლესიის მოწყობილობა, ვინაიდან კაცი ჰყავდათ ქუთაისში გაგზავნილი ეკლესიის საკითხის მოსაგვარებლად. გადაწყვიტეს ეს მამაკაცებისთვის არ გაემხილათ.
23 მარტს თავი მოიყარეს სოფლის სკოლაში. დაახლოებით 6 სთ. ეკლესიის კარი დაკეტილი დახვდათ, მუშები შიგნით მუშაობდნენ. სცადეს კარის გატეხა, რადგან უარი მიიღეს.
* * *
ამ საქმეზე ზოგს ერთი წელი მიუსაჯეს, ზოგი გაათავისუფლეს მეთვალყურეობის ქვეშ.
* * *
ფონდი 6, საქმე #27504
არსენიშვილი გ.მ
1927 წლის 9 დეკემბერი
არსენაშვილი გიგლა მიხას ძე. დაბად. 1909 წ. სამეურნეო სასწავლებლის მეორე კურსელი. ქართველი. საცხოვრებელი ადგილი: სოფ. იყალთო, 1927 წლიდან ნაციონალ-დემოკრატებს თანაუგრძნობს.
ამონაწერი ჩვენებიდან: ა/წელს მარტის თვეში მე შეკითხვა მომცა სოფ. საგურამოს მოწაფემ შოთა ჩხიკვაძემ, სამშობლო გიყვარს თუ არაო. მე ვუპასუხე: მიყვარს-მეთქი. ჩხიკვაძემ მითხრა, რომ ერთი აზრისა ვყოფილვართო. შენ ჩემთან იმუშავეო. შემდეგ მე დავუახლოვდი ხსენებულ ჩხიკვაძეს, რომელმაც კიდევ გამაცნო მეორე ამხანაგი ვანო ებელაშვილი. ესენი ჩემთან მუდამ ლაპარაკობდნენ, რომ ჩვენი მოვალეობა არის, სამშობლო უნდა შევაყვაროთო ქართველ ხალხს. პირველად უნდა მოვუყვეთო საქართველოს ისტორიიდან, თუ როგორ იმყოფებოდა საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ. ჩვენ უნდა ვეცადოთ საქართველოს განთავისუფლება რუსეთის მფარველობისაგან. მართალი უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ აქ აღნიშნულნი სამი კაცისაგან შესდგებოდა ახალგაზრდული ნაციონალური დემოკრატიული ორგანიზაცია არალეგალურად. ორგანიზაციული საკითხები ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვედიდებინა ორგანიზაცია ახალი წევრებით, მაგრამ ერთი, იმ სასწავლებლის გარდა არსად არ დავდიოდით და სასწავლებლის შიგნით მომხრენი არავინ არ აღმოჩნდა და, მეორე მხრით, ეჭვის თვალით გვიყურებდნენ კომკავშირის წევრები. ამიტომ ჩვენ ვშიშობდით და ჩვენი ახალგაზრდა ნაციონალ -დემოკრატიული წრის არსებობას არავის ვუმხელდით. ჩვენი ორგანიზაცია, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შედგებოდა სამი კაცისაგან, მეთაურობდა კი შოთა ჩხიკვაძე.
საგურამოს სკოლიდან ა/წ. აგვისტოს თვეს შვებულებით მივდიოდი ჩემს სოფელში, სოფ. იყალთოში. წამოსვლამდე ზემოთ აღნიშნულმა პირებმა ვილაპარაკეთ, რათა სოფლად გაგვეძლიერებინა „სამშობლოს სიყვარული“. როცა სახლში მივედი, ვნახე, რომ ჩემი დუქანი ეჭირა კოოპერატივს და აგრეთვე სახლის ზემო სართული ორი ოთახი. ქირას კი გვაძლევდნენ, მაგრამ დუქანი უნდოდა ჩემს ძმას და ადგილობრივი მთავრობა არ აზლევდა დუქანს ჩემს ძმას. ესეც მიემატა ჩემს გრძნობას და დავწერე პროკლამაცია და გავაკარი სამკითხველოს კედელზე.
შეკითხვა: გახსოვს თუ არა პროკლამაციის შენაარსი?
პასუხი: კი, მახსოვს. იყო შემდეგი შინაარსი: „ქართველო ხალხო! გაიღვიძეთ, საქართველო განსაცდელშია. ერთის იერიშით, ერთის ძალით ვიხსნათ საქართველო რუსეთისაგან. მაშ, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“
შეკითხვა: სექტემბრის ბოლო რიცხვებში ვინ დაგაწერინა შენ მოწოდება ოქტომბრის რევოლუციის ათი წლის თავზე?
პასუხი: სექტემბრის ბოლო რიცხვებში ჩემს სახლში მოვიდა იყალთოს კომკავშირის მდივანი ფეიქრიშვილი და მთხოვა, რომ დამეწერა მოწოდება ოქტომბრის ათი წლის თავისთვის. მე დავუწერე მოწოდება ფეიქრიშვილს და მივხვდი იმას, რომ ფეიქრიშვილს უნდოდა ჩემი პოჩერკა ენახა. ამიტომ მოწოდებაში ქვემოთ ფრანგული ასოებით დავწერე: „გავიგეთ ეშმაკობა“. ეს იმას ნიშნავდა, რომ გავიგე, რისთვისაც დამაწერინა ფეიქრიშვილმა მოწოდება.
შეკითხვა: შენ უამბე თუ არა საგურამოში შენს ამხანაგებს პროკლამაციის გაკვრის შესახებ.
პასუხი: საგურამოში დაბრუნებისას ყველაფერი ვუამბე ორივე ამხანაგს _ ჩხიკვაძეს და ვანო ებელაშვილს.
შეკითხვა: ჩხიკვაძე და ებელაშვილი რამდენი წლისანი იქნებიან და ხომ არ იცი იმათი სწორი მისამართი?
პასუხი: შოთა ჩხიკვაძე არის 1910 წელს დაბადებული, ოზურგეთის მაზრიდან. ვანო ებელაშვილი არის დაბადებული 1909 წელს თელავის მაზრა, სოფ. ზემო ხოდაშნიდან. აღნიშნული პირები სწავლობენ ჩემთან ერთად სოფ. საგურამოში, სამეურნეო სასწავლებელში სახელმწიფოს ხარჯზე _ პანსიონერად.
შეკითხვა: შენ გეძლევა სახელმწიფოს ხარჯი?
პასუხი: კი, სახელმწიფოს ხარჯზე ვსწავლობ.
შეკითხვა: შენ ვინ გადმოგცა სიღარიბის მოწმობა, რათა ყოფილიყავი სასწავლებელში, როგორც ღარიბი, მიღებული სახელმწიფოს ხარჯზე?
პასუხი: სიღარიბის მოწმობა მე მივიღე იყალთოს თემაღმასკომიდან.
შეკითხვა: თქვენთან ერთად მოწაფე გიგლა პაპალაშვილი იყო თუ არა თქვენი ორგანიზაციის წევრი?
პასუხი: გიგლა პაპალაშვილი სწავლობს ჩემთან სოფ. საგურამოში. მას წინადაც ვიცნობდი, როგორც ახალ მეზობელს. ა/წ. ზაფხულში სოფ. იყალთოში ყოფნისას დავუსვი კითხვა პაპალაშვილს, თუ რამდენად უყვარდა სამშობლო, პაპალაშვილმა მიპასუხა, მე დიდი ხანი არიო, რომ სამშობლოს სიყვარულის გრძნობა მაქვსო. ამხანაგს ვეძებდიო და სწორედ თქვენ გაგიჩინეთო. ამის შემდეგ წავედით სასწავლებელში, საგურამოში. იქ პაპალაშვილი მიღებულ იქნა კომკავშირში. მან იცოდა, რომ მე ვმუშაობდი ახალგაზრდა ნაც.დემოკრატიულ ჯგუფში. სხვების მუშაობის შესახებ მან არ იცოდა.
პაპალაშვილი გიგლა ნიკოს ძე არის 18 წლის, მოწაფე, საგურამოს სამეურნეო სკოლისა, საშუალო გლეხის შვილი, ამჟამად კომკავშირში მიღბულია დუშეთის მაზრაში.
შეკითხვა: პაპალაშვილმა იცოდა თუ არა პროკლამაციის გაკვრის შესახებ რაიმე?
პასუხი: მე ვუამბე, თუ როგორ დავწერე პროკლამაცია და გავაკარი ღამით, 3 სექტემბერს ე/წ. ქოხ.სამკითხველოში. პაპალაშვილმა მითხრა, კარგი გიქნიაო, მაგრამ თუ გაიგებენ, ამის გამო ორივეს დაგვატუსაღებენო.
* * *
გიგლა პაპალაშვილი- უცოლო, მე-2 კლ. მოწაფე სამეურნეო სკოლისა, საგურამო, დაბადებული 1909 წელს.
დადგენილებაში წერია, რომ იგი დადანაშაულებულია პროკლამაციის გავრცელებაში. იგი ცდილობდა ნაციონალურ-დემოკრატიული იდეების გავრცელებას ხალხში ლოზუნგით: „სამშობლოს სიყვარული“.
ამ ბრალდების გამო დააპატიმრეს და გადასცეს გპუ-ს.
საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ გიგლა არსენაშვილი დაადანაშაულეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ არალეგალურ მუშაობაში.
სსრ საქართველოს საბჭოთა სამართლის კოდექსის 61-ე მუხლის მიხედვით 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
* * *
ფონდი 6, საქმე # 27629, გვ.9
ქუთაისის პოლიტბიურო, 1927 წლის 2 სექტემბერი
ბრალდებული: ალექსანდრე სამსონის ძე ტოგონიძე, ინტელიგენტი, უცოლო, 19 წლის, ლიტერატურულ-დრამატული მუშაკი, 1924 წლიდან ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი.
ბრალდება: ქუთაისში საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო პროკლამაციების გაკვრა.
აღიარებითი ჩვენებიდან:
„1922 წელში ვცხოვრობდი გორის მაზრაში, სოფ. გომში. აქ მამას ჰქონდა თერძის დუქანი. იქ მყავდა სამი ამხანაგი: შურა ბრეგვაძე, ყარამან ბრეგვაძე და ვახტანგ ყუალაშვილი, ოსი გაქართველებული. ჩვენში ისეთი განწყობიება იყო, რომ ჩვენ თავი მენშევიკებად მიგვაჩნდა. მე პირადად მქონდა უვაზნო ნაგანის სისტემის რევოლვერი, რომელიც მილიციამ ჩამომართვა. ჩვენ ხშირად გვქონდა ოსებზე ლაპარაკი და გვიკვირდა, რისთვის უჭერდნენ მხარს ოსები საბჭოთა ხელისუფლებას. ჩვენ ამ გარემოებას ოსების მოქმედებისა ვხსნიდით იმით, რომ შური უნდოდათ ეძიათ ოსებს ქართველების წინააღმდეგ. პოლიტიკური ხასიათის მეცადინეობა ჩვენ იქ, გორის მაზრაში არ გვქონდა. მამა ხშირად მეხვეწებოდა კომკავშირში ჩავწერილიყავი. ეს გარემოება ჩემი პოლიტიკური მომზადებით კი არ აიხსნებოდა, არამედ ბავშვური ჟინიანობით. 5 წელი იქნება, რაც მე გომიდან წამოვედი. ქუთაიშში რომ ჩამოვედი, ვსწავლობდი სხვადასხვა სასწავლებელში. შემდეგ. 1924 წელს შევედი მეორე ტექნიკუმში, სადაც უკვე დავიწყე მუშაობა ჯგუფურად. ჩვენს ჯგუფში იყო მოწაფე ფრიდონ მხეიძე, მე, გიორგი მხეიძე, ალექსანდრე ფხაკაძე. ჩვენთან იყო აგრეთვე ალექსანდრე სვანაძე, ვარლამ მებუკე. ამ წრეში ჩვენ ვკითხულობდით სხვადასხვა ჟურნალს, ბროშურებს რუსეთის ს.დ. პარტიისას და მათ პროგრამას. აღნიშნული ლიტერატურა გადმოცემული იყო ოფიციალურად მენშევიკების დროს. ჩვენ დავწერეთ ხელით პროკლამაციები, რომლებიც უნდა გაგვეკრა. შინაარსი პროკლამაციის იყო ლოზუნგები: „ძირს საბჭოთა ხელისუფლება! ძირს რუსეთის ოკუპაცია და სხვ.
აღნიშნული პროკლამაცია უნდა გაგვეკრა 26 მაისს. ინიციატორი პროკლამაციის შედგენისა მე ვიყავი~.
დაბეჭდილია ჟურნ. „ჩვენი მწერლობა“,
#22, 31 ოქტომბერი, 2014
No comments:
Post a Comment