Wednesday, February 18, 2015

„მავნებელი“ პროფესორები

1937 წელს თბილისში დააპატიმრეს სასოფლო-სამეურნეო (მაშინდელი სატყეო-ტექნიკური) ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფი, რომელსაც ბრალად დასდეს კონტრრევოლუციური საქმიანობა: 

ქურდიანი სოლომონ ზაქარიას ძე - დაბადებული 1867 წელს ს. საგარეჯოში, თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, დენდროლოგი, უპარტიო, ნასამართლევი არ არის. 

ძიების შედეგად დადგინდა: „1937 წელს НКВД-მ აღმოაჩინა და ლიკვიდაცია უყო კ/რ „ქართულ ნაციონალურ ცენტრს“, რომელიც მიზნად ისახავდა ინდივიდუალურ ტერორს კომუნისტური პარტიის (ბ) ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ცენტრს კავშირი ჰქონდა მავნებლურ ორგანიზაციასთან, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო სოლომონ ქურდიანი. იგი ეწეოდა ანტისაბჭოთა მუშაობას მეცნიერების დარგში სატყეო რესურსების ხაზით. ამავე დროს, ქურდიანი მავნებლური მიზნით არ ამუშავებდა აქტუალურ თემებს, რომელთაც პრაქტიკული მნიშვნელობა ექნებოდა დღევანდელი დღისათვის. ეს ჯგუფი ეწეოდა სტუდენტთა ნაციონალისტურ აღზრდას, რითაც აყალიბებდნენ მათ შოვინისტურ ელემენტებად. ამით ისინი ამზადებდნენ კადრებს მავნებლური მუშაობისათვის სატყეო მეურნეობის დარგში. ყველაფერ ამისათვის ფართოდ იყენებდნენ სამეცნიერო მეთოდებს და თვით ინსტიტუტსაც, როგორც ერთადერთ სამეცნიერო ავტორიტეტს.“