Wednesday, May 6, 2015

ეგნატე ნინოშვილის სასაფლაოზე თქმული

აჰა, მოვედით თქვენსა საფლავზე
თავისუფალნი და ბედნიერნი,
რომ ჩამოგძახოთ: აღსრულდა ნატვრა
თქვენის გულიდგან ტანჯვით ნაძგერი.

აწ გიხაროდეს, აღარ გმინავენ
როზგს-ქვეშ „გოგია უიშვილები“,
აღარც სიმონას სტანჯავს დროიძე
 და ქრისტინეებს იასონები.

უნათლიშვილის ქვრივიც გიმადლის,
ვერ ატყუებენ მოსე მწერლები.
ყველგან ფრიალობს წითელი დროშა,
ქვეყანას მართვენ მცირიშვილები.

და ამ მართვაში განხორციელდა
თქვენი ნატვრა და თქვენი ანდერძი,
საბჭოთა ქვეყნის აღმშენებლობას
საფუძვლად უდევს რკინისა ღერძი.

აწ განისვენე გულ-დამშვიდებით,
ჯერ მრევლი არ გვყავს თქვენებრ ძვირფასი,
კვლავაც შევიკრიბებით თქვენსა საფლავზე
თქვენგნით აღზრდილი მესამე დასი.

                        იესე მეგრელაძე

1929 წლის 25 დეკემბერი

(საქართველოს შსს არქივი, ფონდი 6, საარქივო 38879, ტომი 1, ყუთი 165, ჯაში ს.)

Monday, May 4, 2015

სტახანოველი მუშა პოეზიის ფრონტზე

ბახმაროს მთელი სიტურფე,
სიმშვენიერე ნაძვების,
საკმოველ სურნელებითა
შექმნილი რაღაც განგების.

სხვა და სხვა ფერის ყვავილი
ამკობს მომქუხო მდინარეს,
ნანას უმღერის მე და ჩემს
მომსვენარ ტკბილ მომძინარეს...

მთელი სიტურფე ბახმაროს
ძნელია, ვინმემ ასწეროს,
შეჰკრიბოს მთელი ბუნება
და შრომის ჩანგზე ამღეროს.

ბახმაროს მთელი სიტურფე
მშრომლებსა გულში იხუტებს,
ჩემდა სახსოვრად მოგიძღვნი
ბახმაროს დიად სიტურფეს.
                      
                             რაფიელ ჯაში

                            1931 წ. 5. III.

(ფონდი #6, საარქივო # 38879, ტომი #1, ყუთი #165, ჯაში რ.)

Friday, May 1, 2015

2015 წლის 22 აპრილს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა გასაბჭოებიდან მეორე მსოფლიო ომამდე (1921-1941 წლები)“ ფარგლებში გაიმართა ლიტერატურის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარი „დისკურსის ჰორიზონტები“. სემინარზე პროექტის მონაწილემ, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ზოია ცხადაიამ  წაიკითხა მოხსენება: „პარტორგანიზაცია - მწერლობაზე იდეოლოგიური კონტროლის სტრატეგი“.