Sunday, March 9, 2014

დაჭრილი მერანი

დაჭრილი მერანი

ჩემი მერანი, დაღალული, ფერ-მილეული,
გულში დაჭრილი გადაეშვა, როგორც მძინარი...
ჩემი მერანი ვერ ინძრევა მტრისგან ძლეული,
გული მიტირის, გული ლაღი, გული მცინარე.

დანაღვლიანდა სიყვარული ტანჯვას ჩვეული
და დაიჩრდილა გული უწინ ხალისიანი,
ტალღებს ვერ აპობს გემი მტკიცე, დღეს დამსხვრეული,
მიწად დაეშვა იმედები გაშლილფრთიანი.

მაგრამ მინახავს გაზაფხული მე თოვლიანი,
ზამთარი თბილი, ველ-მინდვრები აყვავებული
და მომაკვდავი - მხიარული, იმედიანი,
ღრმა მოხუცი კი სიყვარულით აძგერებული.

და მწამს გაჩნდება ცაზე სხივი იმედიანი
მე კვლავ მოველი გაზაფხულის ია და ვარდებს
კვლავ გათენდება დღე მცინარი, დილა მზიანი
ჩემი მერანი ერთხელ კიდევ გაინავარდებს.
                                                        
                                                                      4 / XI
ეს ლექსი აღმოჩნდა ლეონიდ ხუბულავას საქმეში, რომელიც 1924 წელს დააპატიმრეს ბრალდებით: 1924 წლის მენშევიკური ავანტურის დროს ზუგდიდის მაზრაში შეიარაღებული გამოსვლის აქტიური ხელმძღვანელობა. ლეონიდ ხუბულავას 1925 წლის 6 ივნისს მიესაჯა პატიმრობა 5 წლით, დაუმორჩილებლობის გამო კი ამავე წლის 3 სექტემბერს ბრალი დაუმძიმდა - 3 წლით სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში გადასახლება. პატიმრობის ვადა დასრულდა 1930 წლის 27 დეკემბერს, რის შემდეგაც მას საქართველოში დაბრუნების ნება არ მისცეს და საცხოვრებლად გაგზავნეს ტაშკენტში. საქმეში არის კიდევ რამდენიმე ლექსი როგორც ქართულ, ისე რუსულ ენებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ეკუთვნის ლ. ხუბულავას. 
                                          
                                                                          (ფონდი 6, საარქივო # 2549, ტიმი 1, ყუთი 9)

No comments:

Post a Comment