Tuesday, June 3, 2014

ქართველ ერს! (მენშევიკური პარტიის პროკლამაცია)


უკვე ექვსმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას დაეპატრონა უხეში ძალა, რომელმაც ვერაგულად მოსტაცა ქართველ ერს თავისი სუვერენული უფლებები და დაადგა მას მონობის მძიმე უღელი. განა შეიძლება ქართველი ერი ოდესმე შეურიგდეს იმ ხელისუფლებას, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველო გადააქცია მოსკოვის უბრალო კოლონიად; რომელმაც შელახა ხალხის ეროვნული თავმოყვარეობა; რომელმაც ფიზიკურად გაანადგურა მშრომელი მოსახლეობა და ერის საუკეთესო შვილების სისხლით მორწყო და გააპოხიერა საქართველოს მონდორ-ველი.
ვინ არ იცის, რომ დღეს ქართველ ერს სდევნიან და აწამებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის უარს არ ამბობს თავის ქართველობაზე, რომ ის მედგრად იცავს ეროვნულ ენას, ეროვნულ კულტურას, ეროვნულ დიდებას, რომ მას არ სურს, მიიღოს კომუნისტური სარწმუნოება და ატაროს მოსკოვის უღელი. ქართველი ერი მოწმეა მრავალი ბრძოლისა და ტანჯვის, მაგრამ ის საშინელი ტანჯვა და ჯოჯოხეთური წამება, რომელსაც დღეს განიცდის საქართველოს მოსახლეობა, არ ახსოვს ისტორიას. საქართველო გადაიქცა ოკუპანტების და ჩეკას თავაშვებულ სათარეშო ასპარეზად. ხალხის ცოცხალ სხეულს კორტნიან ყვავ-ყორნები. შეჩერდა ეროვნული მაჯისცემა. დადუმდნენ მეტყველი ენები. მოკვდა საზოგადოებრივი აზროვნება. მოისპო თავისუფალი პრესა. „მუშურ-გლეხური“ მთავრობა ქართველ მუშებსა და გლეხებს ტყვიებით უმასპინძლდება და ფიზიკურად ანადგურებს; ერის საუკეთესო შვილებს ჩეკას ბნელ სარდაფებში ალპობს; პოლიტიკურ პატიმრებს თავზე რკინის მუხრუჭებს უჭერს და სიცოცხლეს ასალმებს.

კომუნისტურ ხელისუფლებას დღეს გვერდს უმშვენებენ, ეგრედ წოდებული „ახალი გზელები“, რომელნიც ბოლშევიკურად მოინათლნენ და იწამეს ლენინის „წმინდა სახარება“. ქართველ ერს დაუძინებელი მტრების სახით მოევლინენ ეს რენეგატები და ქვეყანას უმტკიცებენ, რომ პარიზის ემიგრაცია და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია შეიარაღებულ გამოსვლებს აწყობენო. ვის სჭირია დღეს ჩვენში გამოსვლები? რომელი არალეგალური პარტია მოუწოდებს დღეს ჩვენში ხალხს აჯანყებისაკენ? ჩვენ ვამტკიცებთ, რომ აჯანყება არ გვჭირდება დღეს საქართველოს სინამდვილეში. ბოლშევიზმი ისედაც განწირულია და უარყოფამდე მისული...

ჩვენ მოუწოდებთ ქართველ კომუნისტებს, რათა ყურად იღონ შემდეგი გაფრთხილება:
ნუ გადააქცევთ საქართველოს მიწა-წყალს ოკუპანტებისა და ჩეკას სათარეშო ასპარეზად!
ნუ სწვავთ, ვით ჰეროსტრატე, ქართულ ეროვნულ კულტურის ტაძარს!
ნუ სჩადიხართ უდიდეს ბოროტებას ერისა და ისტორიის წინაშე!

ქართველო ერო! უმთავრესი დაბრკოლება უკვე დაძლეულია. ძნელი და ეკლიანი გზა განვლილია. უდიდესი ეროვნული საქმე გაკეთებულია. ჟამი შენი განთავისუფლებისა მოახლოებულია. შენი ეროვნული გადაგვარება შეუძლებელია. ამას ადასტურებს შენი ორი ათასი წლის შარავანდედით მოსილი ჭაღარა ისტორია. ისტორიული სიმართლე შენს მხარეზეა, თუ აწმყო არ გწყალობს, მომავალი შენია. კომუნისტური ხელისუფლება კი ისტორიის მიერ განწირულია. მტკიცედ იდექით სამშობლოს სადარაჯოზე. ნუ ათხოვებთ ყურს ბოროტი ენების გველურ სისინს. იმედის თვალით შეხედეთ მომავალს და გაბედულად შესძახეთ მტერს:

ძირს მოძალადე ოკუპანტები!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

1927 წ. აგვისტო

საქ. სოც.-დემ. მუშათა პარტიის ცენტრ. კომიტეტი 

(ფონდი #6, საარქივო #27214, ტომი #2, ყუთი #38, უზნაძე რაჟდენის სისხლის სამართლის საქმე)

No comments:

Post a Comment