Saturday, September 20, 2014

1924 წლის აჯანყების კიდევ ერთი მსხვერპლი

გაზეთი „ბრძოლა“ იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს ყოველთვიური ორგანო, რომლიც გამოდიოდა პარიზში. 1926 წლის აგვისტოს #14 ნომერში, აჯანყების ორი წლისთავის აღსანიშნავად, დაბეჭდილია მცირე მოსაგონარი სტატია ცნობილი პოეტის დავით ქარცივაძის შესახებ. 


დავით ქარცივაძე (დ. მეჩონგურე)

დ. ქარცივაძე დაიბადა 1881 წელს. მიიღო სამხედრო განათლება. როცა 1905 წლის რევოლუცია დაიწყო, ის სარიყამიშში ასრულებდა პორუჩიკის თანამდებობას. ამ დროს ის უკვე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნოდა. მან აიღო შვებულება და გამოემგზავრა საქართველოში. აქ ის აქტიურათ ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. დეკემბრის აჯანყების დროს ის ითვლებოდა სამხედრო ხელმძღვანელათ დასავლეთ საქართველოში. ეს არაჩვეულებრივი მოვლენა იყო. 1905 წ. ოფიცრობა მოძრაობას აშკარათ მტრობდა და მეფის მთავრობას ეკედლებოდა. ამიტომაც იყო, როცა ხალხი დამარცხდა და ალიხანოვ-კრილოვებმა საქართველო აიკლეს, დათიკო შეიპყრეს და მოუნდომეს გაუსამართლებლათ დახვრეტა. მხოლოდ გავლენიან პირთა ჩარევამ მეფის მოადგილის წინაშე იხსნა იმხანათ ამ განსაცთელისაგან თავდადებული მებრძოლი. 1906 წ. ის გაასამართლეს და გადაუწყვიტეს კატორღა. 1917 წ. რევოლუციამ ის გაანთავისუფლა ამ მძიმე სასჯელისაგან. მას შემდეგ ის დაუბრუნდა სამშობლოს და აქ ასრულებდა სხვადასხვა მოვალეობას ქართულ ლაშქარში.

დათიკოს ახალგაზრდა პოეტთა შორის საპატიო ადგილი ეჭირა. მისი ლექსები მეჩონგურის ფსევდონიმით ხშირათ იბეჭდებოდა სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებში. არა ერთსა და ორ მებრძოლს განუცდია მისი კალმის ზეგავლენა, არა ერთი და ორი მებრძოლი შემატებია განმათავისუფლებელ მოძრაობას მისი ლექსების წყალობით.
როგორც თავის ნაწარმოებებში, ისე პრაქტიკულ მოღვაწეობაში დ. ქარცივაძე იყო შეურიგებელი დამცველი დემოკრატიისა და სოციალიზმისა. ასეთი დარჩა ის ოკუპაციის ხანაშიც. მას არ შეეძლო ფერისცვალება და ოკუპანტთა უღელს ქვეშ თფილ ადგილზე მოკალათება. და აი, დესპოტიურმა ხელისუფლებამაც შური იძია, ის დაატუსაღა და აგვისტოს აჯანყების დროს სხვა მძევლებთან ერთათ სიცოცხლეს გამოასალმა. მაგრამ სანამ იარსებებს ქართველი ერი, ის შარავანდედით შეამკობს ქვეყნის განთავისუფლებისათვის თავდადებულთ და მათ შორის დ. მეჩონგურის სახელიც უკვდავი დარჩება.

ნ. რ. 
(ფონდი 6, საარქივო 27637, ტომი 2, ყუთი 92, ქურხული ე. ი.) 

No comments:

Post a Comment