Sunday, June 30, 2013

1921 წლის 25 თებერვალს დაღუპულთა პანაშვიდი



1922 წელი. უნივერსიტეტის სტუდენტებს გადაუწყვეტიათ, ქაშუეთში პანაშვიდი გადაეხადათ დახოცილი სტუდენტებისათვის. ამის შესახებ შეიტყო მთავრობამ და გამოსცა კანონი საეკლესიო პანაშვიდის აკრძალვის თაობაზე. პროტესტის ნიშნად 1922 წლის 26 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებმა გამართეს დემონსტრაცია, რის გამოც მათი ნაწილი დააპატიმრეს. ამონაწერი საქმეზე არსებული დაკითხვის ოქმებიდან:
გიორგი ნაკაშიძე, 25 წლის, სოციალისტ-ფედერალისტი: „ჩემი დაპატიმრების მიზეზი იყო 26 იანვარს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გადახდილი პანაშვიდი დახოცილ სტუდენტთა ხსოვნის აღსანიშნავად. პანაშვიდის თავმჯდომარედ სტუდენტობამ ამირჩია მე. მე ჩემ სიტყვაში გაკვირვება გამოვთქვი მომხდარი ფაქტის გამო (განსაკუთრებული კომისიის მიერ საეკლესიო პანაშვიდის აღკრძალვა). საერთოდ აღვნიშნე, რომ არსებული ხელისუფლება სტუდენტებს უყურებს, როგორც რეაქციონულ ელემენტს, რაც სინამდვილეს არ შეეფერება მეთქი... საერთოდ მე ქართველი სტუდენტობა არ მიმაჩნია რამე შავი, ბნელი ზრახვების მატარებელ ელემენტად და ამიტომაც იყო რომ ჩემს სიტყვაში ამას მე ხაზს ვუსვამდი და ვუსაყვედურებდი საბჭოთა ხელისუფლებას, რომ ის ჩვენდამი არაა განწყობილი კარგად (ავტორისეული სტილი დაცულია)...“
გრიგოლ მინდაძე, 22 წლის, უპარტიო, უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის სტუდენტი: დამიჭირეს დილის 10 საათზე 27 იანვარს, მივდიოდი ოსტიალოგიის გამოცდის ჩასაბარებლად მიხაილოვის საავადმყოფოში. სტუდენტთა დემონსტრაციაზე საერთოდ არ ვყოფილვარ, არც კი ვიცოდი ამის შესახებ, რადგან მეორე დღეს გამოცდა უნდა ჩამებარებინა. მე მომწონს საბჭოთა ხელისუფლება, არ ვარ მისდამი მტრულად განწყობილი, რადგან იგი არის მშრომელი ხალხისა და მისი ინტერესების დამცველი.
საქმეზე 1922 წლის 11 აპრილს სასამართლომ გამოიტანა დადგენილება:
სტუდენტთა დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის დაპატიმრებული არიან სტუდენტები:

  1.        ნაკაშიძე გიორგი
  2.       ყიასაშვილი დავითი
  3.       ზამბახიძე ვლადიმერი
  4.       პატარაია ვასილი
  5.       ვარდოსანიძე კონსტანტინე
  6.       მინდაძე გრიგოლი
  7.       კიკნაველიძე ევგენი
  8.       ჯაველიძე ვასილ
ამათგან პირველი სამი ბრალდებულია არსებული წყობის მიუღებლობაში, ისინი ყოველთვის და ყველგან მზად არიან გამართონ ანტისაბჭოთა პროპაგანდა. მათ მიესაჯათ 6 თვით ციხე. დანარჩენებს კი წინასწარი პატიმრობა ჩაეთვალოთ სასჯელად და გათავისუფლდნენ.
(საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, საარქივო 2267, ყუთი 11, 1922 წელი)

No comments:

Post a Comment