Tuesday, November 12, 2013

გაძევებულ სტუდენტების მოწოდება. ქართველ სტუდენტობას.



საქართველოდან გაძევებულნი თქვენი ამხანაგები გიძღვნით ძმურ სალამს და გემშვიდობებით. მძიმეა ჩვენთვის ეს ხვედრი, აუტანელია საქართველოში მებრძოლთა რიგებიდან გამოთიშვა...
ამხანაგებო! დროებით ვაკლდებით თქვენს მებრძოლ რიგებს, მაგრამ იმ იმედით ვცოცხლობთ, რომ მოკლე ხანშივე დაუბრუნდებით თქვენს ლაშქარს. ნუ იდარდებთ ჩვენ თავგადასავალზე, ნუ მიეცემით მწუხარებას ჩვენი ხვედრის გამო. ქართველ ახალგაზრდობას, სახელოვანი წინაპრების შთამომავალთ არ შეგვშვენის გლოვა და მწუხარება...
ამხანაგებო! გულს მაინც სევდა იპყრობს, როდესაც ვხედავთ, რომ ძალით გვაშორებენ ჩვენს დედა უნივერსიტეტს. ქართული ეროვნული კულტურის იმ კერას, სადაც პირველად ვეზიარეთ მეცნიერებას; გვაღონებს ეს გარემოება, რომ ვშორდებით ჩვენს მამებს - მეცნიერებს - ქართული უნივერსიტეტის პროფესორებს, რომელთა დაუშრეტელი ენერგიით აშენდა ეს დიდი და წმინდა ტაძარი მეცნიერებისა, მტკიცე ბურჯი და ბალავერი ქართული ეროვნობისა.

ამხანაგებო! ჩვენ ღრმათა გვწამს, რომ ქართველი სტუდენტობა, რომელმაც იცის თავგანწირული ბრძოლა, რომელმაც ბევრჯერ გამოსცადა ქართველი ერის მოსისხლე მტრებთან პირისპირ შეხვედრა და თავის მოძმეთა ძვლებით მოკირწყლა კოჯორ-ტაბახმელა-სოღანლუღის მიდამოები, ქართველი სტუდენტობა, რომელმაც ოკუპაციის ხანაში მრავალჯერ შეუერთა თავისი მკვეთრი ხმა ქართველ ერის ბრძოლის გუგუნს და რომელმაც ბევრჯერ იგემა „ჩეკა“-ს ბნელი სარდაფები და კომუნისტური ინკვიზიცია, რომ ეს სტუდენტობა ქართველი ხალხის საბედისწერო ბრძოლის ჟამს ერთსულოვნათ იქნება მოწინავე პოზიციაზე.
ძვირფასო ამხანაგებო! ჩვენ სადაც არ უნდა ვიყოთ, ვიამაყებთ იმით, რომ ქართველი სტუდენტობის სისხლი და ხორცი ვართ, ვეცდებით არსად არ შევარცხვინოთ თქვენი სახელი, არ შევბღალოთ თქვენი ღირსება. თქვენთან ერთად მუდამ გვეხსომება, რომ ვართ ქართველი მოსწავლენი და საქართველოს შვილნი: ჩვენს საერთო დროშაზედ მუდამ ეწერება: სწავლა და ბრძოლა, მეცნიერება და თავისუფლება, სამშობლო და მშობელი ერი.
გაუმარჯოს ქართველ სტუდენტებს და მის საყვარელ უნივერსიტეტს!
ვაშა ჩვენს პროფესორებს!
ვაშა და გამარჯვება თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს!
გამარჯვება და დიდება დამოუკიდებელ საქართველოს!

სამშობლოდან გაძევებული ქართველი სტუდენტები

მეტეხი                                                                                                        1922 წ. ოქტომბერი 9.
            
                        (შსს არქივი, ფონდი #6, საარქივო #23107, ყუთი #23, საქმე - ბაქრაძე მ. მ.)

No comments:

Post a Comment