Monday, January 27, 2014

პროექტის შესახებ: საქართველოს შსს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი



-      ბატონო ომარ, საქართველოს შსს არქივში მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე  მდიდარი სამკვლევრო გამოცდილება დაგიგროვდათ. როგორც ვიცით, თავადაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი ბრძანდებით.  ცოტა რამ იქნებ ამ უნიკალურ  გამოცდილებაზე გვითხრათ..
უკვე 25 წელზე მეტია უშიშროების სისტემაში ვმოღვაწეობ, აქედან 15 წელი ვმუშაობდი საინფორმაციო-ანალიტიკური მიმართულებით, ხოლო ბოლო 10 წელია არქივის ხელმძღვანელი ვარ. როგორც უშიშროების, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი უმნიშვნელოვანესია თავისი ფონდებითა და დოკუმენტებით, რადგან ეს დოკუმენტები როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ისტორიული მნიშვნელობისაა და, ფაქტობრივად, საქართველოს უახლეს ისტორიას წარმოადგენს. წლების განმავლობაში ეს დოკუმენტები უყურადღებოდ იყო მიტოვებული, რამაც მათი მდგომარეობა მეტისმეტად დაამძიმა: მასალები დაავადდა სხვადასხვა ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებით და საჭირო გახდა მათი სასწრაფოდ დამუშავება. 2003  წლის მაისიდან დავიწყეთ საარქივო ფონდების პროგრამული დამუშავება, საძიებო ფონდების შექმნა. ამჟამად ჩვენს არქივში დაცულია მასალები 1921 წლიდან 1990 წლამდე ანუ საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდგომი პერიოდისა.

-         საინტერესოა,  როგორ აფასებთ ჩვენს სამკვლევრო სტრატეგიას, რამდენად საინტერესოდ და საჭიროდ მიგაჩნიათ ამგვარი წამოწყება?

აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის განმავლობაში არქივი მიუწვდომელი იყო როგორც ფართო საზოგადოებისათვის, ისე მკვლევართა, ჟურნალისტთა, მეცნიერთა  წრეებისთვისაც. განსაკუთრებული ნებართვა იყო საჭირო, რომ ვინმე გასცნობოდა მისთვის საინტერესო დოკუმენტს. აქედან გამომდინარე, ყოველი კონკრეტული მკვლევარი მხოლოდ გარკვეული პიროვნებებითა და ფაქტებით ინტერესდებოდა. ისეთი მასშტაბური და ფუნდამენტური კვლევა, რომელიც ითვალისწინებს მთლიან პერიოდს – 1921 წლიდან 1941 წლამდე – ჩვენს არქივში ჯერ არ ჩატარებულა. ეს მეტად საშური საქმეა. იმედი მაქვს, რომ თქვენი პროექტი ძალზე ნაყოფიერი იქნება. საზოგადოება გაიგებს, რა მდგომარეობაში იყო მწერლობა, როგორ ვითარდებოდა, რა რეპრესიული მანქანები იყო გამოყენებული იმ შემოქმედთა წინააღმდეგ, რომელთა მსოფლმხედველობა ვერ ეწყობოდა საბჭოთა იდეოლოგიას.

-         ჩვენი პროექტით გათვალისწინებული საკმაოდ დიდი საძიებო პერიოდიდან გამომდინარე, რა რჩევებს, რეკომენდაციებს შემოგვთავაზებდით მოცულობითი სამუშაოს უფრო ეფექტიანი შესრულებისთვის?

დღეს საზოგადოებისათვის ცნობადი სახეების შესახებ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ არიან ისეთი პიროვნებებიც, ნაკლებად ცნობილნი, რომელთა შესახებაც ჯერაც არაფერი ვიცით. იმედი მაქვს, რომ თქვენი პროექტი გამოავლენს სწორედ ასეთ ნაკლებადცნობილ პიროვნებებსა და ფაქტებს. ასეთი მოლოდინის საფუძველს ქმნის ამ პროექტის სპეციფიკა - ოცწლეულის მთლიანი საარქივო მასალის დამუშავება. არქივში საქმეები დალაგებულია წლებისა და პიროვნებათა გვარების მიხედვით, თუმც სრულიად უცნობი პიროვნების საქმეში შეიძლება შევხვდეთ უამრავ დოკუმენტს სხვა ადამიანთა შესახებაც. ერთი პიროვნება შეიძლება დაკითხვისას საუბრობდეს სხვა პიროვნებებზე, ფაქტებზე და ა. შ. ამიტომ ყველა საქმეს უნდა გადავხედოთ დიდი ინტერესით, რადგან შესაძლოა მივაკვლიოთ უნიკალურ მასალას, ე. წ. თანდართული დოკუმენტების სახით.  

-         გარდა  ჩვენი  კვლევისა, სხვა  რომელ მნიშვნელოვან  პროექტში მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი?

გარდა პროექტისა „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა“, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი ამჟამად მონაწილეობს ხუთ საერთაშორისო პროექტში:
·         გერმანიის რურის უნივერსიტეტთან ერთად ვიკვლევთ 37-38 წლების რეპრესიებს, ე.წ.  ბოლშევიკურ წესრიგს საქართველოში, ფუნდამენტური კვლევის შედეგად გამოქვეყნდება ამ წლების რეპრესიების სტატისტიკური ანალიზი.
·          ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან ერთად ხორციელდება პროექტი, რომელიც დააფინანსა ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა და ფოლკსვაგენის ცენტრმა. ის ეხება სტალინურ სიებს საქართველოში. კვლევის შედეგად გამოქვეყნდება ბიოგრაფიული მონაცემები იმ 3600 ადამიანზე, რომლებიც გასამართლდნენ სტალინური სიების მიხედვით.
·         პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტთან გაფორმებული გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მათ აინტერესებთ საქართველოში მცხოვრები რეპრესირებული პოლონელების ბედი და ასევე 1921 წლის შემდეგ საქართველოს გასაბჭოების შედეგად პოლონეთში იძულებით გადასახლებული ქართველების საქმეები. დაგეგმილია მონოგრაფიის გამოცემა.
·         სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტთან გაფორმებული გვაქვს ერთობლივი თანამშრომლობის მემორანდუმი., მათაც აქვთ ასეთივე არქივი, რომელშიც დაცულია ცნობები ქართველების შესახებ. ჩვენ ვგეგმავთ მასალების გაცვლას ამ მემორანდუმის ფარგლებში.
·         ვთანამშრომლობთ ასევე ამერიკის ჰოლოკოსტის მუზეუმთან, რომელიც გენოციდისა და ჰოლოკოსტის საქმეებს იძიებს და აგროვებს. ისინი დაინტერესებულნი არიან იმ დოკუმენტებით, რომლებიც ჩვენს არქივში მოიპოვება. 
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ვთანამშრომლობთ ინგლისისა და ამერიკის სხვადასხვა ინსტიტუტთან, ჩეხეთის ტოტალიტარული რეჟიმების შემსწავლელ ინსტიტუტთან და რუსეთის საზოგადოებრივ ორგანიზაცია „მემორიალთან“.

No comments:

Post a Comment