Monday, January 27, 2014

პროექტის შესახებ: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი

ქალბატონო ირმა,  პროექტი „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა. გასაბჭოებიდან მეორე მსოფლიო ომამდე   შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით ხორციელდება.  რითაა თქვენთვის გამორჩეული ეს  ახალი წამოწყება და რა კონკრეტულ მიზანს ისახავთ ამ ძიებასთან დაკავშირებით?

-         ვფიქრობ, ამ პროექტის განხორციელებას ჩვენი კულტურისა და ლიტერატურის  ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა გვავალდებულებს: 1921–1940 წლებში ქართულმა საზოგადოებამ უმძიმესი პოსტ–რევოლუციური პერიოდი გამოიარა და სრულად განიცადა ის ტრაგიკული კატაკლიზმები, ფიზიკური თუ სულიერი სირთულეები, რომლებიც შედეგად მოჰყვა ბოლშევიკური რევოლუციური დიქტატურის დამყარებას; ქართული კულტურული და ლიტერატურული სივრცე არაერთი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, რომელთა დაძლევა სრულიადაც არ იყო მარტივი საქმე და ხშირად დილემური არჩევანის წინაშეც კი აყენებდა მუზის მსახურებს; რა სახის იყო ეს სირთულეები? როგორ დაიძლეოდა ისინი? რამდენად სწორია დღევანდელი ჩვენი საზოგადოების წარმოდგენები იმ ეპოქაზე?.. სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემა, პროცესის შეფასება და გადაფასება, წარმოადგენს პროექტის მთავარ ამოცანას, მხოლოდ დასკვნები უნდა იყოს აკადემიური, ტაქტიანი, კორექტული, იმ ვითარებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც უწევდათ ცხოვრება და მოღვაწეობა „განწირული თაობის“ მწერლებს.
დაგვეთანხმებით, რომ პროექტი თანამედროვე ეტაპზე  განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.  სივრცითი და ღირებულებითი ორიენტაციის პრობლემის აქტუალიზების ფონზე,  მისი მნიშვნელობა ერთიორად იზრდება. თქვენი პროგნოზით, ამ მხრივ რა შედეგის მომტანი იქნება ეს ძალისხმევა?

        არცოდნა, თუკი მისი დაძლევა შესაძლებლელია, უნდა დაიძლიოს: კულტურისა და ლიტერატურის ისტორია, ისევე როგორც პოლიტიკური თუ სოციალური ისტორია, არ შეიძლება იყოს აგებული მცდარ მონაცემებსა და შეხედულებებზე – მსგავსი სიბეცე ხელს უშლის საზოგადოების, მათ შორის ქართულის, ნორმალური განვითარების პროცესს. ეპოქის  კულტურულ–ლიტერატურული სურათის მართებული ანალიზი და შეფასება მხოლოდ უტყუარი ფაქტობრივი მასალის მოძიებისა და სწორი ორიენტირების გამოკვეთის მიღმაა შესაძლებელი. ამით იყო ნაკარნახევი პროექტის იდეაცა და განხორციელების გზაც: პროექტი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან კოლაბორაციაში უნდა შესრულებულიყო, რაც საშუალებას მისცემდა მეცნიერებს, ემუშავათ საარქივო დოკუმენტებზე და სათანადო მეცნიერულ დონეზე დაემუშავებინათ ისინი. პროექტი, მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, საშუალებას მოგვცემს დავწეროთ გასული საუკუნის 20–30–იანი წლების ქართული ლიტერატურის ახალი ისტორია – ვფიქრობ, რომ დროა!

პროექტის აქტუალობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, მისი ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის აუცილებლობაც იკვეთება.  ფიქრობთ თუ არა, პროექტის პოპულარიზაციასა და მის მეტად ხელმისაწვდომობაზე და  ამ კუთხით თუ გაქვთ რაიმე დაგეგმილი?

        პროექტის პოპულარიზაცია, რასაკვირველია, ძალზე მნიშვნელოვანია და ამისათვის ჩვენ რამდენიმე ბერკეტი გვაქვს „მომართული“: პირველ ყოვლისა, მომცველი და ინფორმაციული ვებ–გვერდის შექმნა და პერიოდულად მისი სრულყოფა, გარდა ამისა, წიგნის გამოცემა (რომლის ადაპტირებული ვერსია შეიძლება სკოლებსაც შეეთავაზოს დამხმარე სახელმძღვანელოს სახით) და საჯარო ლექციების ჩატარება ფართო მსმენელი აუდიტორიისათვის.

რა შენიშვნებს, რჩევებს მისცემდით პროექტის მონაწილეებს?

        პირველ ყოვლისა, მე ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას მეცნიერ–მკვლევართა იმ ჯგუფს, რომელიც მუშაობს აღნიშნულ პროექტზე და თავს არ იზოგავს მისი წარმატებით განხორციელებისათვს. რჩევებსა და მოსაზრებებს კი პროექტთან დაკავშირებით ჩვენ ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს: ბოლშევიკურმა ტერორმა შეიწირა არამარტო ცალკეული მწერლების სიცოცხლე, არამედ ბევრი იდეა, ჩანაფიქრი, დაუწერელი ტექსტი. ეს იყო არარეალიზებული შემოქმედებითი პროექტების ეპოქა, რომელსაც აუცილებლად უნდა მოეფინოს ნათელი – სხვაგვარად გაგვიჭირდება წარსულის შეფასება, ხოლო შეუფასებელი წარსული  სერიოზულ წინაღობას წარმოადგენს ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების  გზაზე.

No comments:

Post a Comment