Monday, January 27, 2014

პროექტის შესახებ: პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი მაკა ელბაქიძე




-         ქალბატონო მაკა, თქვენ ხელმძღვანელი ბრძანდებით პროექტისა - „ ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა. გასაბჭოებიდან მეორე მსოფლიო ომამდე“, რომელიც საქართველოს შსს არქივის მონაწილეობით ხორციელდება. როგორ დაიბადა  პროექტის იდეა და რამდენად მნიშვნელოვანია ინსტიტუტისთვის მისი შესრულება?

-          ინსტიტუტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქართული ლიტერატურის ისტორიის თანამედროვე ვერსიის შექმნა. ამ მიზნის განხორციელება კი შეუძლებელია ჩვენი კულტურის ისტორიაში ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი ეპოქისთვის (გასული საუკუნის 20–იანი–40–იანი წლები) ნიშანდობლივი პროცესებისა და ტენდენციების ჯეროვანი ანალიზის გარეშე, იმ დაპირისპირების გათვალისწინების გარეშე, რომელიც  არსებობდა ბოლშევიზმის ტოტალიტარულ რეჟიმსა და მხატვრულ-ლიტერატურულ აზროვნებას შორის. 2009 წელს ინსტიტუტში, მისი დირექტორის, პროფესორ ირმა რატიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი“, რომელიც ამ მწვავე პრობლემისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო ფორუმი იყო არა მარტო პოსტსაბჭოთა, არამედ ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში. კონფერენციას, ისევე როგორც მისი დასრულების შემდგომ გამოქვეყნებულ მასალების კრებულს, ფართო რეზონანსი ჰქონდა როგორც ქართულ, ისე ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებაში (კონფერენციის მასალები ინგლისურ ენაზე გამოსცა კემბრიჯის ერთ–ერთმა პრესტიჟულმა გამომცემლობამ). სწორედ მაშინ დაიბადა ახალი პროექტის იდეა, რომლის წარმატებით განხორციელება იქნება საწინდარი იმისა, რომ ინოვაციურად, ახლებურ რაკურსში წავიკითხოთ და გადავიაზროთ ერთ–ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდი ჩვენი ეროვნული ლიტერატურისა.
დასახმარებლად მივმართეთ საქართველოს შსს არქივს, რომელშიც დაცულია საანალიზო ეპოქის ამსახველი უმდიდრესი დოკუმენტური მასალა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო არქივის დირექტორს, ბატონ ომარ თუშურაშვილსა და არქივის თანამშრომლებს თანადგომისა და ქმედითი დახმარებისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა უკვე პირველივე საანგარიშო პერიოდში კვლევისთვის უაღრესად საჭირო მასალების მოძიება.
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამ პროექტის წარმატებით განხორციელება, რადგან ჩვენი მიზანია არა მარტო  არქივში დაცული მასალის აღწერა–კომპილაცია, არამედ სიღრმისეული ანალიზის ჩატარება, რომლის შედეგადაც სრულიად ახალი რეცეფციის კონტექსტში მოექცევა 1921–41 წლების ქართული ლიტერატურის ისტორიის პარადიგმა.

-         როგორია თქვენი სამკვლევრო სტრატეგია და  პროექტის პოპულარიზაციის კუთხით თუ გეგმავთ ღონისძიებებს?

-             როგორც უკვე აღვნიშნე, პროექტი არის პირველი მეთოდოლოგიური მცდელობა იმისა, რომ სრულიად ახალ რაკურსში იქნას გააზრებული ქართული ლიტერატურის ისტორიის ერთ–ერთი ყველაზე რთული პერიოდი 1921–1941 წლები.  საარქივო მასალაზე მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე (იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტები, პირადი მიმოწერა თუ ჩანაწერები სხვადასხვა საქაღალდეებშია მიმოფანტული), გამოიყო რამდენიმე ქრონოლოგიური ეტაპი და თემა (1921-24 წწ. – ბოლშევიზმსა და საბჭოთა რეჟიმზე არსებული არაადეკვატური, ილუზორული წარმოდგენის ხანა; 1924-29 წწ.ანტისაბჭოური აჯანყების ჩახშობა; 1929-1932 წწ. – ახალი ლიტერატურული პოლიტიკის გამომუშავება და დეკლარირება; 1933-37 წწ. – იდეოლოგიური დიქტატისა და ერთპიროვნული მმართველობის ბოლშევიკური იდეის პრაქტიკული განხორციელება; 1938-41 წწ. – ომის მოახლოებასთან ერთად საბჭოთა პატრიოტიზმის გაღვივება; 1921–41 წწში . . მთავლიტის მუშაობა; 20-30-იანი წლების ჟურნალ-გაზეთებისა და გამომცემლობების ხელმძღვანელთა პირადი საქმეების შესწავლა), რაც გააადვილებს მოპოვებული მასალის სისტემატიზებას და სათანადო დასკვნების გამოტანას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროექტში აქცენტირებული იქნება არა მარტო გახმაურებული მოვლენები და `ცნობადი~ სახელები, არამედ ისინიც, ვინც საგანგებო კვლევის საგანი ჯერ არ გამხდარა. უკვე მზად არის ელექტრონული ბლოგი, რომელზეც განთავსდა შსს არქივში ამ ეტაპზე მოპოვებული განსაკუთრებით საინტერესო საარქივო მასალა და ფოტოები, რომლებსაც კვლევის შემდგომ ეტაპებზე დაემატება ახალ–ახალი ვიზუალური მასალა და დოკუმენტები. პროექტის დასრულებისას დაგეგმილი გვაქვს სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება, რომელზეც აღნიშნული საკითხებით დაინტერესეულ საზოგადოებას გავაცნობთ კვლევის შედეგებს. პროექტის ფარგლებში მომზადდება წიგნი – `ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა გასაბჭოებიდან მეორე მსოფლიო ომამდე~, რომლის ელექტრონული ვერსია განთავსდება ინტერნეტ–სივრცეში, რაც ხელმისაწვდომს გახდის მას მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის.

-         იქნებ პროექტის მონაწილეთა შესახებაც გვითხრათ,  ვინ ასრულებს ძირითად სამუშაოს?
-         პროექტში სამეცნიერო ხელმძღვანელის გარდა, ძირითადი შემსრულებლის სტატუსით დაკავებულია ლიტერატურის ინსტიტუტის შვიდი მეცნიერ–თანამშრომელი, რომელთაც მდიდარი გამოცდილება აქვთ ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის ამ საკმაოდ სპეციფიკური პერიოდის (გასული საუკუნის 20–იანი–40–იანი წწ) კვლევისა, სახელდობრ: ქალბატონები ნონა კუპრეიშვილი, ზოია ცხადაია, მანანა შამილიშვილი, მანანა კვატაია, მაკა ჯოხაძე, მაია ჯალიაშვილი, ადა ნემსაძე, რომელთაგან თითოეულს განსაზღვრული აქვს თავისი კვლევის სფერო. ვფიქრობ, პროექტში დაკავებულ ცალკეულ მეცნიერთა კვლევის შედეგების საბოლოო შეჯერება სრულიად ახლებურ რაკურსში დაგვანახებს  ქართული ლიტერატურის ერთ–ერთ ყველაზე რთულ და, შეიძლება ითქვას, ტრაგიკულ პერიოდს.

-         როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლდება თქვენი მოლოდინი პროექტთან მიმართებით?

-         ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი არ დადის ადვილი და გაკვალული გზებით. ბოლო წლებია მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის ნაკლებად წაკითხული ფურცლები შეადგენს. ვიმედოვნებ, რომ ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში პირველად გახდება შესაძლებელი ბოლშევიზმის ინტელექტუალური ტერორის სისტემური და დანაშაულებრივი მექანიზმის აღდგენა, ცალკეულ მწერალთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებების, მათი ინტელექტუალური თუ პიროვნული თავისუფლების შეზღუდვისა თუ ხელყოფის აქამდე უცნობი დეტალების გამოვლენა, რაც მოგვცემს საკვლევი პერიოდის (1921–41 წწ) ქართული მწერლობის სრულიად ახლებური გააზრებისა და ინტერპრეტირების საშუალებას.

No comments:

Post a Comment